ათასობით სკოლამ მექსიკაში მოსწავლეებისათვის კარი გააღო.
30 აგვისტოს ქვეყნის ყველა სასწავლო დაწესებულებაში განათლების მიცემის პროცესი აუდიტორიებში დაიწყო. წელიწად-ნახევრიანი დახურვის შემდეგ ახალი სასწავლო წელი მექსიკამ კოვიდრეგულაციების დაცვით განაახლა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეებისათვის სწავლა კოვიდრეგულაციების დაცვით აუდიტორიებში გაგრძელდება. დისტანციური სწავლების დასრულებას და შვილების სკოლებში დაბრუნებას მიესალმებიან მშობლები.
“მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ბავშვებმა სკოლაში უნდა იარონ. არ შეიძლება ჩავკეტოთ სახლებში და ავუკრძალოთ თანატოლებთან ურთიერთობა. დაავადება მაინც დარჩება. ან მასთან ერთად ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, ან ყველანი გავგიჟდებით. ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, – ამბობს ბლანკა მარტინესი.
მექსიკაში ახალი სასწავლო წელი აუდიტორიებში იმ ფონზე განახლდა, როდესაც ქვეყანა კოვიდგავრცელების მესამე ტალღის ქვეშ იმყოფება. ამის მიუხედავად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ცდილობენ ყველა რეგულაცია დაიცვან.
“თვრამეტთვიანი პაუზის შემდეგ სასწავლო პროცესის აღდგენა აუდიტორიებში მისასალმებელია. ასეთი გახანგრძლივებული დახურვის შედეგები უკვე ვნახეთ მთელს მსოფლიოში. ამან სასწავლო კრიზისი შექმნა. მოსწავლეებისა და პედაგოგების, ასევე მშობლების ფსიქოემოციური მდგომარეობა დამძიმდა. გრძელვადიან ჭრილში ვირუსი უფრო ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე ის შედეგები, რომლებიც სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში დატოვებას მოჰყვებოდა“, – აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონული მრჩეველი ვინჩენცო პლაკო.
დისტანციური სწავლების შესაძლო დაწესების გამო წელს მექსიკაში 5 მილიონზე მეტმა სტუდენტმა უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე უარი განაცხადა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათ ოქტომბრამდე მიეცემათ საშუალება, თავიდან ჩააბარონ გამოცდები. მექსიკაში სასწავლო პროცესისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების მცდელობას აგრძელებენ.
ალეკო გვეტაძე