მთავარი აზია ავღანეთი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ოცწლიანი მისია დაასრულა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ოცწლიანი მისია დაასრულა

ავღანეთი ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო ჯარისკაცმაც დატოვა. დღეიდან ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ვეღარ შეძლებენ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას. 2001 წლიდან დაწყებული მისია ზავით დასრულდა.

14 აგვისტოდან ავღანეთს  „თალიბანი“ აკონტროლებს და დღეიდან ქაბულის აეროპორტსაც სრულად დაიკავებს. ამ დრომდე ათასობით ადამიანი ცდილობს ავღანეთის დატოვებას, თუმცა ქვეყნიდან მხოლოდ 160 000 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, აქედან 122 000 ადამიანი უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევით გამოიყვანეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე დაადასტურა 20-წლიანი სამხედრო მისიის დასრულება ავღანეთში და ამერიკელ სამხედროებს გაწეული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, ავღანეთის დატოვება ყველა მსურველმა ვერ შეძლო. მსოფლიო „თალიბანს“ აკისრებს ვალდებულებას, რომ ამ ადამიანების ქვეყნიდან უსაფრთხო გასვლა უზრუნველყოს.

ამერიკის პრეზიდენტმა დოვერის სამხედრო ბაზაზე პატივი მიაგო ქაბულის აეროპორტში ტერაქტის დროს დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს.

ჯო ბაიდენი გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს შეხვდა. რამდენიმე დღის წინ ქაბულის აეროპორტში ტერაქტის დროს სულ 200 ადამიანი დაიღუპა, მათგან 13 ამერიკელი ჯარისკაცია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ამერიკა ავღანეთში ჩარჩენილ მოქალაქეებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

,,ჩვენ გავაგრძელებთ ჰუმანიტარულ დახმარებას ავღანეთის მოქალაქეებისთვის. კონფლიქტმა დიდი ზიანი მიაყენა ავღანელ ხალხს. მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირია. ძალიან ბევრი ადამიანი შიმშილობს. COVID-19-ის პანდემიამ ისედაც დააზარალა  ავღანეთი. „თალიბანის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პარალელურად შეერთებული შტატები გააგრძელებს ავღანელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა.

ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო.  დოკუმენტის მიხედვით, უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ „თალიბანს“, შეიქმნას უსაფრთხო ზონა, რომ ავღანელებმა 31 აგვისტოს შემდეგ ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მისვლა შეძლონ. რეზოლუცია ასევე მოიცავს მოთხოვნას, რომ ავღანეთის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შესაქმნელად ან ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფრად.

ამავდროულად, „თალიბანის“ პრესსპიკერი ზაბიულა მუჯაჰიდი აცხადებს, რომ ავღანეთი მიიღებს  იმ ავღანელ მიგრანტებს, რომლებსაც ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარს ეტყვიან. ამასთან, „თალიბანის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დეპორტირებულები ავღანეთში დაბრუნებისას სასამართლოს წინაშე წარდგებიან.  თუმცა არ განუმარტავს, რატომ ემუქრებათ ამ მიგრანტებს სასამართლო  ან რა განაჩენს უნდა ელოდონ ისინი.

აშშ-სა და მის მოკავშირეებს ავღანეთის დატოვებისთვის ვადა 31 აგვისტომდე ჰქონდათ. ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება ათასობით ადამიანი, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში დასავლურ ქვეყნებს დახმარებას უწევდნენ,  ამის გამო მათ ახლა თავიანთ ქვეყანაში თალიბებისგან საფრთხე ემუქრებათ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend