მთავარი საქართველო ორსულები და „დელტა“ შტამი

ორსულები და „დელტა“ შტამი

საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში კორონავირუსის გამო 13 ორსული დაიღუპა

2021 წლის 30 ივლისი. თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში 19 წლის კოვიდინფიცირებული ორსული შეჰყავთ სუნთქვის მწვავე უკმარისობით. პირველ აგვისტოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და ჩვილის გადასარჩენად სასწრაფო საკეისრო კვეთა ხდება აუცილებელი. ექიმები ასეც იქცევიან. საკეისრო კვეთიდან მეორე დღეს 19 წლის დედის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.

„ჩვილი კარგად არის. გოგონას მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ უკვე საგრძნობლად დამძიმდა და 2 აგვისტოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადავიყვანეთ“, – ამბობს ალექსი ვაჩაძე, ივ. ბოკერიას სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 25-დღიანი ბრძოლის შემდეგ ახალნამშობიარები 19 წლის დედა გარდაიცვალა. გინეკოლოგთა ასოციაცია ბოლო პერიოდში ინფიცირებულ ორსულთა გახშირებული გარდაცვალების საკითხს გამოიკვლევს, თუმცა მანამდე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ორსულები სამედიცინო დახმარებას გვიან მიმართავენ.

„გუშინ, მაგალითად, ერთ-ერთი ორსულის სამეგრელოს რეგიონიდან საავადმყოფოში გადმოყვანა იყო საჭირო, თუმცა ამ ორსულს 112-ზე დარეკილი არ ჰქონდა. მას პოსტი ედო ფეისბუკზე. ჩვენ ვიღებთ სოციალური ქსელიდანაც დამატებით ინფორმაციას და იმ პაციენტებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არ მიმართავენ არც ექიმს, არც 112-ს და არჩევენ სოციალური მედიით კომუნიკაციას, ვცდილობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება იყოს ყურადღებით და გაუწიოს საჭირო დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

გართულებების თავიდან ასაცილებლად და საკუთარი თუ ბავშვის ჯანმრთელობის დასაცავად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ყველა ორსულს აცრისკენ მოუწოდებენ.

„სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, ჩვენებიც ჩართული არიან – დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ამის პრევენციის ერთადერთი საშუალებაა, რომ რაც შეიძლება მეტი ორსული აიცრას“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გასაფართოებლად დღეს თბილისში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ავტობუსებში განთავსებულ მოძრავ პუნქტებშიც დაიწყო. გლდანში, ვარკეთილსა და სადგურის მოედანზე განსაზღვრული მარშრუტით ივლიან ავტობუსები, მსურველები კი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას.

„ჯერჯერობით გამოყოფილია სამი ავტობუსი. მოგვიანებით კი ეს რიცხვი 10-მდე გაიზრდება იმისათვის, რომ თითოეულ რაიონში ერთი ავტობუსი გადაადგილდებოდეს და ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, რაიონიდან გასვლის გარეშე აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. ავტობუსები მაქსიმალურად კეთილმოწყობილია და ადაპტირებულია: არის კონდინცირება, სამეთვალყურეო უსაფრთხოების კამერები. ავტობუსში სამედიცინო კუთხის თვალსაზრისით ყველაფერია მოწყობილი. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, რომ ყველა ავიცრათ“, – განაცხადა კახა კალაძემ, თბილისის მერმა.

ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი 80-ს მიუახლოვდა. ქვეყანაში პანდემიის მეოთხე ტალღა ჯერჯერობით ყველაზე მძიმეა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend