მთავარისაქართველო79 გაჩერებული გული

79 გაჩერებული გული

საქართველოში კიდევ 79 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, ეს რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

კიდევ 79 სიცოცხლე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლას შეეწირა. მათ უკან მდგომი ბევრად უფრო მეტი ადამიანი, რომელმაც ახლობელი კოვიდ-19-ის გამო დაკარგა და ქვეყანა, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე შვიდი ათასზე მეტი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეს რეალობაა დღეს საქართველოში. რეალობა, რომელშიც გუშინ დაბადებულმა გოგონამ, დღეს 24 წლის დედა დაკარგა.

„36 კვირის ორსული, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ჩვენთან ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა საკეისრო კვეთა და დაიბადა გოგონა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკეისრო კვეთის ჩატარების შემდეგ მელოგინე გადავიყვანეთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ გარდაიცვალა. გოგონა აცრილი არ ყოფილა. ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ დამძიმდა სიტუაცია, ორსულებსა და მელოგინეებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია და ეს, სამწუხაროდ, კიდევ ერთი მაგალითია, რომ ყველა ორსული რაც შეიძლება სწრაფად აიცრას“. – ამბობს მამია ყიფიანი, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდგანყოფილების მენეჯერი.

ორსულები და მეძუძური დედები ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულებს ახალშობილებსაც გადასცემენ, შესაბამისად, კორონავირუსისგან საკუთარი თავისა თუ საზოგადოების დაცვასთან ერთად შვილებსაც იცავენ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 26 ათასზე მეტი პირი აიცრა, ჯანდაცვის სფეროს ექპერტების თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დღეში 40 ათასი პირი იცრებოდეს და 2021 წლის ბოლოს ზრდასრული მოსახლეობის 60% სრულად იყოს ვაქცინირებული. დღეს ეს მაჩვენებელი 12%-მდეა.

„ორსულებისთვის „დელტა“ შტამი ნამდვილად უფრო მეტად საშიშია, ვიდრე სხვა ადამიანებისათვის. ამდენად, ორსულებში, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის აცრა. „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს კიდეც. ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური დისტანცირება და პირბადის გამოყენება. სპეციალურად ორსულების კონსულტაციისთვის ცხელ ხაზს, 1522-ს მეან-გინეკოლოგების სერვისი მიმდინარე დღეებში დაემატება. მათი ტრენინგი ამ კვირაში დასრულდა და ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ ორსულებისთვის დამატებით რეკომენდაციებს. ეს არის მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, რომლებიც ბინაში არიან. იცით, რომ ბინაში მყოფი ინფიცირებულთათვის ჩვენ ისედაც გვაქვს სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევები.  ამ პროგრამაში სპეციალიზირებული სერვისისთვის ჩაერთვებიან მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი ამბულატორიული დაწესებულებებიც, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს კოვიდინფექციის გამო მეთვალყურეობას, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ სპეცილიზირებულ კლინიკაში და იქ მან მიიღოს სპეციალისტის კონსულტაცია. ეს კომპონენტიც მალე ამოქმედდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

„ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა“ – ეს გზავნილი 2020 წლის 11 მარტის, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ყოველდღიურად ისმის. თუმცა აუცრელი მოქალაქეების რიცხვი როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში კვლავ დიდია.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend