მთავარისაქართველორომელია ბოთლების ურნა?

რომელია ბოთლების ურნა?

პლასტმასის ბოთლები, ცელოფნის პარკები თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები – ეს ის ნარჩენებია, რომლებსაც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ყოველდღიურად ვყრით ნაგვის ურნებში.

სწორედ იმისთვის, რომ ასეთი ნარჩენები ნაგავსაყრელზე აღარ მოხვდეს, საქართველოში მცხოვრები ყაზახეთის მოქალაქე ალიდია ზამიტი ცდილობს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმი შეიძინოს, ნარჩენები კი გადაახარისხოს.

„მე მთიან ქალაქში დავიბადე და ბუნება ძალიან მიყვარს. მინდა, რომ მას მუდამ ვუფრთხილდებოდე. მე და ჩემი პარტნიორი ბევრს ვმოგზაურობთ და ყოველთვის ვარჩევთ ნარჩენებს. საქართველოში ჩამოსვლის წინ ვიცოდით, რომ აქ ნარჩენების დახარისხება არ ხდება. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს. სოციალურქსელის სხვადასხვა ჯგუფში ვიკითხეთ სად შეიძლებოდა რომ დახარისხებული ნარჩენები ჩაგვებარებინა“, – თქვა ალიდია ზამიტმა ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში.

თბილისელმა ანი ჭყოიძემ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს თავიანთი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების საქმეში და მათ გახსნეს მაღაზია სახელწოდებით – „ZERO EFFECT”. მაღაზიაში ისეთი მასალისაგან დამზადებული საგნები იყიდება, რომელთა მეორადი გადამუშავებაა შესაძლებელი. მაგალითად, კბილის ჯაგრისები, დანა-ჩანგალი, კოსმეტიკური ნაწარმი პოლიეთილენის შეფუთვის გარეშე და სხვა. ძველი ტანსაცმლის გადაგდების ნაცვლად, მისი ამ მაღაზიაში მიტანაც შეიძლება, და ახალში გაცვლა. ასე იქმნება ნული ნარჩენით არსებობის წრე.

„ინდივიდუალურ ძალისხმევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცვლილებები საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. უარი ვთქვათ პოლიეთილენის პარკებზე, პლასტმასის საწრუპებსა და ბოთლებზე; ეს მავნე ჩვევები სხვა ჩვევებით შევცვალოთ. მაგრამ თუ რეალური, მასშტაბური ცვლილებები გვინდა, ამაში ბიზნესი და სახელმწიფო უნდა ჩაერთონ. მავნე ნარჩენებს უფრო მეტად დიდი კორპორაციები და საწარმოები ქმნიან და არა ერთეული ადამიანები. თუმცა ზუსტად ამ ადამიანებს აქვთ მომხმარებლის ძალა. ბიზნესი უყურებს მომხმარებელს და ერგება მათ მოთხოვნებს“,- ამბობს მაღაზიის თანადამფუძნებელი ანი ჭყოიძე.

გლობალური დათბობის 5 პროცენტი ნაგავსაყრელზე მოდის. პოლიეთილენის ნარჩენები არამარტო კონკრეტულ ადგილს აბინძურებს, არამედ ჰაერს, ცხოველებსა და მიწისქვეშა წყლებს. საბოლოოდ, პოლიეთილენის ნარჩენები ცოცხალ ორგანიზმში ხვდება.

თბილისში, 25 სპეციალური ურნა დგას, სადაც ნაგვის სეპარირება ანუ, დახარისხებაა შესაძლებელი. ამ ურნებში ცალ-ცალკე უნდა მოთავსდეს – შუშის, პოლიეთილენის თუ სხვა სახის ნაგავი. საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრის, ანა ცხადაძის, თქმით, ნარჩენების გადამუშავება დაბინძურებასთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. იგი ამბობს, რომ საქართველოში არსებობს შესაბამისი კანონები, მაგრამ არ არსებობს მათი აღსრულების აწყობილი სისტემა.

„რადგან დაბინძურება ასეთი მწვავე და პრობლემატური საკითხია, ჩვენ ვლობირებთ, რომ საქართველოში ნარჩენების გადამამუშავებელ სექტორს ისეთივე სუბსიდირება გაეწიოს, როგორიც ეს სახელმწიფომ დაუწესა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტს, მაგალითად, ღვინოს. არ არსებობს ნარჩენი, რომელიც არ გადამუშავდება. მისგან მიიღება გაზი, ენერგია, სხვადასხვა სახის ზეთი და პროდუქტი… ასევე შეიძლება გადამუშავებული ნარჩენის ხელმეორედ გადამუშავება. მინდა დავამატო, რომ აქ უნდა იყოს აუცილებლად ჩართული ბიზნესი და უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესინტერესი“, – განაცხადა ანა ცხადაძემ.

საქართველოს მყარი ნარჩენების გადამუშავების ვალდებულებაც აკისრია, ეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. მაგრამ ამ ვალდებულების შესრულება შეუძლებელია ერთობლივი ძალისხმევის გარეშე. შეუძლებელია თუ სახელმწიფო და ბიზნესი ერთობლივად არ იმოქმედებს და თუ, ყოველი ჩაცლილი ბოთლის ურნაში ჩაგდებისას არ დავფიქრდებით, ეს ის ურნაა, რომელშიც ბოთლი უნდა ჩავარდეს, თუ ასეთი ურნის მოსაძებნად რამდენიმე ნაბიჯი კიდევ უნდა გავიაროთ…

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend