მთავარისაქართველოარჩევნების თარიღზე პოლიტიკური დისკუსია გრძელდება

არჩევნების თარიღზე პოლიტიკური დისკუსია გრძელდება

პასუხის პასუხი და დავა არჩევნების თარიღზე. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მოწოდებას, არჩევნების თარიღის გადადებასთან დაკავშირებით, მკაფიო უარით უპასუხეს მმართველ პარტიაში. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები ამბობენ, რომ არჩევნების გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს, ხოლო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, ოპოზიციის რადიკალური ჯგუფის მიერაა მართული.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, პარტიებმა საარჩევნო კამპანია აწარმოონ ისე, რომ დაიცვან რეგულაციები ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ და არჩევნების დღეს ამას უზრუნველყოფს ცესკო. აქ რისკები არის მინიმალური, ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო რისკებთან შედარებით. ამიტომ ჩვენც, თქვენც, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და ჩვენ შეგვიძლია ორ -სამ კვირაში მნიშვნელოვნად შევამციროთ ვირუსისგან მიყენებული ზიანი. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით პროცესებს, კიდევ ვინ ჩაერთვება იმ კამპანიაში, რომელიც რეალურ საფუძველს არის მოკლებული. სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიედ, სახალხო დამცველი მოხვდა ამ კამპანიაში და მისი ნაწილი გახდა“, – განაცხადა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ.

გაუარესებული ეპიდვითარების გათვალისწინებთ, ქართული პოლიტიკის ოპოზიციონერი აქტორები, არჩევნების რამდენიმე კვირით გადადების საკითხზე კონსულტაციების აგრძელებენ. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს.

„არცერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა და ეს არც არავის უთქვამს. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები შედიან,  გვითხრან, რა პროგნოზს აკეთებენ. ნაცვლად იმისა, რომ გვითხრან, როგორ დაამარცხებენ პანდემიას, რომელიც დღეში 60-70 ადამიანს გვაკარგვინებს მათივე უმოქმედობით, ყურადღება სხვა რამეზე გადააქვთ და პროპაგანდისტულად საუბრობენ, თითქოს ოპოზიციას დაამარცხებენ“, – განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიაში ახალ პოლიტიკურ რეალობაზე ნაკლებად საუბრობენ. განცხადებით, მათ წევრებზე ხელისუფლება შანტაჟსა და ზეწოლას ახორციელებს.

„აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ამას შეფარული მეთოდებით აკეთებს. პრაქტიკულად იმ მეთოდებს იყენებს, რაც ჩვენს საზოგადოებას 2011-12 წლებიდან ახსოვს. „ქართული ოცნება“ ცდილობს სახე შეინარჩუნოს, თუმცა მათი მხრიდან ასეთი ფაქტები დაფარული ვერ დარჩება. მათ ეგონათ, რომ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები შეშინდებოდნენ, მაგრამ რაც უფრო მეტია ზეწოლა გუნდის წევრებზე, მხარდამჭერებსა და კანდიდატებზე, მით უფრო მეტად ბრძოლის სურვილი იზრდება“, – თქვა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.

მმართველი პარტიის წინააღმდეგობის მიუხედავად, ოპოზიცია ეპიდემიოლოგებისგან გასაგებ პასუხს ითხოვს – არის თუ არა საფრთხის შემცველი მოქალაქეებისთვის კენჭისყრის დღე.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend