ქაოსი ქაბულში

კატარის დედაქალაქ დოჰაში მყოფი თალიბანის პრესმდივნის, სუჰაილ შაჰინის განცხადებით, ორგანიზაციისათვის ავღანეთიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირე სახელმწიფოების ჯარების გასვლის შესახებ შეთანხმებული თარიღის გადაწევა მიუღებელია.

თალიბანის პრესმდივანს არ დაუკონკრეტებია თუ რა ზომებს მიმართავს თალიბანი იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატების 46 – ე პრეზიდენტი აშშ-ს ჯარების ავღანეთიდან გამოსვლას გადაავადებს.

ამ მომენტისათვის ავღანეთიდან 30 ათასზე მეტი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის მოქალაქეა ევაკუირებული. მიუხედავად ამისა, ათასობით ადამიანი კვლავ ცდილობს ქაბულის აეროპორტის გავლით სამშობლოს დატოვებას.

ავღანეთში დისლოცირებული გაერთიანებული სამეფოს ჯარისკაცებთან მომუშავე თარჯიმანი, ზიალუჰ ომერი, ქაბულიდან მის ევაკუაციას იხსენებს.

„საცხოვრებელ ადგილს თვეში ერთხელ ვიცვლიდი. თავდაპირველად, ჩემი სიმამრის სახლში ვაფარებდი თავს, მაგრამ მიპოვეს. თავის დაღწევა მოვახერხე და ქაბულის სხვადასხვა რაიონებში ვიმალებოდი და იქაც მომაგნეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი“, – იხსენებს ავღანეთიდან დევნილი ზიალუჰ ომერი.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ხომალდთა 28 რეისის შედეგად, ბოლო 24 საათში, ავღანეთიდან 11 ათასამდე ადამიანი გაფრინდა. ამერიკელი სამხედრო ქვეითები კი ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

ნორაგა ჰაშიმიც ბრიტანელ სამხედროებთან თანამშრომლობდა, მისი თქმით თალიბანის წარმომადგენელთა განცხადების მიუხედავად, რომლის თანახმადაც შურისძიებას ადგილი არ ექნებოდა, მას სჯეროდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

“მე ბრიტანელ სამხედროებთან ვთანამშრომლობდი, ჩვენ ჰელმანდის პროვინციაში ვიმყოფებოდით. ბევრ უცხოელ სამხედროსთან მქონია საქმიანი ურთიერთობა და შესაბამისად ბევრი მათგანი მიცნობდა“, – ამბობს ავღანეთიდან დევნილი ნორაგა ჰაშიმი.

“თალიბანის” მიერ კონტროლირებული ქაბულის აეროპორტიდან 260 ავღანელი დევნილით სავსე თვითმფრინავი კი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ჩაფრინდა. ესპანეთში საერთო ჯამში ავღანეთიდან დევნილი 900 – მდე პირი იმყოფება. ესპანეთის თავდაცვის მინისტრი დეტალებზე საუბრობს.

“ამ რეისით 260 ადამიანი ჩამოვიდა, მათი უმრავლესობა არასრულწლოვანია, ერთი ბიჭი მხოლოდ 15 დღის არის, ერთი გოგო კი ერთი თვის, კიდევ ერთი გოგო კი მხოლოდ ორი თვის ასაკისაა“, – აცხადებს ესპანეთის თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი.

ბოლო კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირე სახელმწიფოების არმიებთან ნამუშევარი ბევრი ავღანეთის მოქალაქე დაუკავშირდა ავღანეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მყოფ საერთაშორისო მისიის წარმომადგნელებს, უკლებლივ ყველა მათგანი აცხადებს რომ სამშობლოში დარჩენის შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend