მთავარისაქართველოგადაიდება თუ არა საქართველოში დაგეგმილი არჩევნები

გადაიდება თუ არა საქართველოში დაგეგმილი არჩევნები

პოლიტიკური დისკუსია ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დაიწყეს

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 38 დღით ადრე, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” არჩევნების თარიღის რამდენიმე კვირით გადავადებას ითხოვს.

კოვიდრეგულაციების ორი კვირით კიდევ უფრო გამკაცრების მოთხოვნის შემდეგ, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მთავრობას და ოპოზიციურ პარტიებს, არჩევნების რამდენიმე კვირით გადადებისკენ მოუწოდებს. მიზეზად ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდვითარებას ასახელებს.

„პოლიტიკაც, არჩევნებიც, ყველაფერი ადამიანებისთვის გვაქვს და თუ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ, თუ კომპლექსურ ნაბიჯებს არ გადავდგამთ ამ პირობებში, წინ ვერანაირად ვერ წავალთ. 2-3 კვირით არჩევნების გადავადება ნამდვილად არ შეცვლის რადიკალურად ვითარებას. გაცილებით უფრო დიდი ამოცანა გვაქვს დღეს გადასაწყვეტი, ამიტომ, პირველ რიგში, მივმართავ „ქართულ ოცნებას“, კარგად დაფიქრდით, დღეს პასუხისმგებლობა თქვენზეა იმიტომ, რომ ჯერჯერობით თქვენ ხართ ხელისუფლებაში. ნამდვილად არ ვაპირებ ხელის გაშვერას და ა.შ, მაგრამ გთხოვთ, ამ ერთხელ მაინც დაფიქრდით კარგად, ასევე მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს, ყველამ ერთად საერთო პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვაშაძემ.

არჩევნების გადადების საკითხზე პოლიტიკური დისკუსიისთვის მზად არიან სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები ვაშაძის იდეას მხარს უბამენ.

„თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი „ლოქდაუნის“ დაწესებით ან არჩევნების გადადებით, ჩვენ ხომ პროფესიონალებზე ვსაუბრობთ – ბატონ გამყრელიძეზე, იმნაძეზე, ცერცვაძეზე, ამ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, ვინ თუ არა მათ იციან, ხელი უდევთ პულსაციაზე, თუ რამდენად მძიმეა ვითარება, უნდა გამოვიდნენ და საზოგადოებას გვითხრან, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებს, თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ. თუ ეს გასაკეთებელია და პროფესიონალები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს წნეხს და ვეღარ უძლებენ ჩვენი ინფორმაციით და არის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს შორის, ამის თაობაზე საუბარი უნდა გაიხსნას მათი მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია, რეალობას გავუსწორებთ თვალს“, – განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

არჩევნების გადადების იდეის ლოგიკას მიყვებიან საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათ არგუმენტად, არჩევნებზე დაკვირვების სირთულეები და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაძლო კიდევ უფრო გაუარესება მოჰყავთ.

“გასულ არჩევნებზეც შეიქმნა პრობლემა სადამკვირვებლო პროცესების განხორციელების დროს. გადასატანი ყუთების ინფიცირებულებთან და კარანტინში მყოფებთან მიტანისას, თავად საარჩევნო უბნებზე. წელს უფრო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაქვს. რაც უფრო გაართულებს ჩვენთვის, მონიტორებისთვის დაკვირვების პროცესს. ამიტომ ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება ლოგიკურია“, – აცხადებს “ISFED”-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერები მიიჩნევენ, რომ არჩევნების გადადების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს და ეს იდეა, დამარცხებისთვის განწირული ოპოზიციის ახალი ხრიკია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თუ მოქალაქეების დიდი რაოდენობა აიცრება, საფრთხე ნაკლები იქნება.

“პოლიტიკური პროცესის შეჩერების სურვილი აქვს მხოლოდ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც ის სტრატეგიული გეგმა, რასაც დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარების განვითარება ჰქვია. ეპიდუსაფრთხოების თვალსაზრისით საარჩევნო პროცესი, არჩევნების დღე, შემდგომი პერიოდი იმ დონეზე იქნება ჩატარებული, რომ საფრთხეები იქნას მინიმუმამდე შემცირებული და მართვაც რასაკვირველია უფრო ადვილია ამ შემთხვევაში. სახალხო დამცველსაც და ყველა სხვას მართებს სიღრმისეული კონსულტაციების გავლა დარგის სპეციალისტებთან და არა პოლიტიკურ პარტიებთან და მოღვაწეებთან, რომლებსაც თავისი ინტერესი გააჩნიათ,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

არჩევნების გადადების საკითხზე, ყველა მხარის წინასწარი პოზიცია უკვე ცნობილია. საარჩევნო თარიღის დანიშვნა-გადაწევაზე უფლებამოსილი კი საქართველოს პრეზიდენტია. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ამ ახალ პოლიტიკურ იდეაზე ჯერ უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend