მთავარისაქართველოპოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია

პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 39 დღე

საქართველოში ორ ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 39 დღე რჩება.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს მმართველი პარტია. თუმცა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ აქტივობებს კრიტიკით აფასებენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გივი მიქანაძემ, გამართულ ბრიფინგზე ბრალდებები უარყო და არასამთავრობოებს მეტი ობიექტურობისკენ მოუწოდა.ამ ნაკლოვანების მორიგ გამოვლინებად უნდა შეფასდეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მხრიდან ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის მიერ სამედიცინო მუშაკებთან გამართული შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება.

კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის დ ქვეპუნტზე მითითებით, ამ ორგანიზაციამ გაასაჩივრა აღნიშნული შეხვედრა, რასაც არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. მოუწოდებთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მომავალში მეტი ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო ღონისძიებებს და აღარ დაუშვან მათი არასწორი ინტერპრეტირება და შეფასება, რამაც საარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს“, – განაცხადა მიქანაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ახალი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, რომელიც ამჯერად ქუთაისში ჩატარდა, მმართველი პარტია და მისი მერობის კანდიდატი ლიდერობს. „ქართულ ოცნებაში“ ამ შედეგებს რეალურს უწოდებენ.

„ქართული ოცნების“ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის მიხედით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 50.3%-ით”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპული საქართველო” 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. „ევროპულმა საქართველომ“ 13 მუნიციპალიტეტში დაასახელა მერობის საკუთარი კანდიდატი. ორ მუნიციპალიტეტში – ხონსა და თერჯოლაში კი პარტია, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს უჭერს მხარს. დღევანდელი წარდგენა პარტიის პოლიტიკური ლიდერების გამოსვლით დაიწყო, რომლებმაც მოსახლეობას მიმართეს და არჩევნებში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„საზოგადოების ამოცანაა, რომ ეს პოლიტიკური უბედურება დაასრულოს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია, რომელიც ყველას საფრთხეს უქმნის, მათ შორის მათ, ვინც პოლიტიკურად დღეს მათ მხარეს არის. ამიტომ, მოქალაქეების აქტიურობა ამისთვის წერტილის დასმა იქნება. ეს ყველაფერი არა პარტიების, არამედ თითოეული მოქალაქის ხელშია. მათი აქტიურობის შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურად ყველგან განწირულია“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

საარჩევნო კამპანიას აგრძელებენ არაკვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებიც. პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციაში, ხელისუფლების მხრიდან, მათ მხარდამჭერებსა და წევრებზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ. პარტია “საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები პარტია “საქართველოსთვის” პროპორციული სიაში მყოფებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს აშანტაჟებენ და ფულის სანაცვლოდ პარტიიდან წასვლას სთავაზობენ.

„ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს კანდიდატებზე ზეწოლას ახორციელებენ და რიგ შემთხვევაში სოლიდური თანხის შეთავაზება ხდება, იმისთვის რომ წარდგენების შემდგომ განცხადებები გააკეთონ ჩვენი გუნდის დატოვების შესახებ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამის გამოცდილება ბათუმის ოფისთან დაკავშირებით გვაქვს, მინდა მივმართო ხელისუფლებას, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის ზეწოლა და მოსყიდვაც არ უნდა განხორციელდეს, ჩვენ თქვენ ნამდვილად ვერ შეგვაშინებთ. ქართველი ხალხი აუცილებლად გიპასუხებთ არჩევნებზე და ეს პასუხი იქნება თქვენი ხელისუფლების ცვლილება, ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქელაძემ.

საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ოდნავ მეტი რჩება. პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალ რეგულაციებზე მსჯელობს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend