მთავარიაზიაავღანეთი"თალიბანი" ავღანეთის წინა მთავრობის მოკავშირეებს ეძებს

“თალიბანი” ავღანეთის წინა მთავრობის მოკავშირეებს ეძებს

მას შემდეგ, რაც დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მათი წარმომადგენლები საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ შურს არ იძიებდნენ მათზე, ვინც წინა მთავრობასთან თანამშრომლობდა.

ეს მხოლოდ რამდენიმე დღიანი დაპირება აღმოჩნდა. თალიბები უკვე კარდაკარ ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ნატოს ძალებისთვის ან წინა მთავრობაში მუშაობდნენ.

საფრთხეში მყოფი ავღანელი მოქალაქეები კი ქვეყნის დატოვების მიზნით ქაბულის საერთაშორისო აეროპორტს მიაწყდნენ. დაჯგუფება „თალიბანის“ წევრები ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ მოქალაქეებს აბრკოლებს.

სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები კი ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეებისა და ავღანელების გამოყვანას განაგრძობენ. ბოლო ინფორმაციით ავღანეთიდან 18 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამჟამად ქაბულის აეროპორტში  6 000 ადამიანი ელოდება ქვეყნის დატოვებას. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. მისი თქმით, აშშ გაგზავნის დამატებით კონსულებს როგორც ავღანეთში, ისე ყატარსა და ქუვეითში, რათა მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებაში დაეხმარონ.

,,14 აგვისტოდან ავღანეთიდან გამოსვლაში 7 000 ადამიანს დავეხმარეთ. ასევე, შემიძლია დავადასტურო, რომ ახლა აეროპორტში 6 000 ადამიანია, რომლებიც ჩვენი საკონსულოს დახმარებით ქვეყნის დატოვებას ელოდებიან“, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნები და ამერიკა ცდილობენ ავღანეთიდან მოქალაქეების გაყვანას, ,,თალიბანის“ პრესსპიკერი ზაბიულა მუჯაჰიდი მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს დიპლომატიური ურთიერთობების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

,,ჩვენი მთავარი გზავნილი ისაა, რომ გვსურს, მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან დიპლომატიური პრინციპებისა და პატივისცემის დამყარება. ჩვენ გვინდა კარგი ეკონომიკა, კარგი ვაჭრობა, წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ, ამასთანავე, ჩვენთვის მთავარია საკუთარი ღირებულებების პატივისცემა“,- განაცხადა ,,თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდიმ.

ზაბიულა მუჯაჰიდის ამ კეთილგანწყობილ გზავნილის მიესალმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აცხადებს, რომ მზად არიან, საგანმანათლებლო პროცესში ავღანეთის ახალ მთავრობას დაეხმარონ.

,,თალიბანის“ მომავალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზადაა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ამასთანავე აცხადებს, რომ ავღანეთიდან ლტოლვილ მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა ევროპამ უნდა აიღოს.

20 აგვისტოს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.

სხდომას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend