მთავარიკუბიფეისბუკმა Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის შემცველი 20 მილიონი პოსტი წაშალა

ფეისბუკმა Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის შემცველი 20 მილიონი პოსტი წაშალა

სოციალურ ქსელის ანგარიში პანდემიის გამოცხადებიდან 2021 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს

ფეისბუკსა და ინსტაგრამიდან წაიშალა პანდემიის დაწყებიდან ივნისამდე გამოქვეყნებული 20 მილიონი პოსტი, რომელიც კოვიდ-19-თან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.

კოვიდ-19-თან დაკავშირებულ 20 მილიონამდე პოსტში იგულისხმება არა მხოლოდ სტატუსები, არამედ ფოტოები, ვიდეოები, ნებისმიერი სახის მასალა, რომელიც იდება პლატფორმაზე. ფეისბუკის ცნობით, წაშლილი პოსტები პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის ივნისამდე პერიოდში იყო გამოქვეყნებული. თუმცა ფეისბუკი არ აკონკრეტებს, მსოფლიოს რა მასშტაბით იყო გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შემცველი ეს 20 მილიონამდე პოსტი.

ფეისბუკის ცნობით, ამ 20 მილიონში შედის 3 ათასი ყალბი ანგარიში, გვერდი და ჯგუფი, რომელმაც არა ერთხელ დაარღვია არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ არსებული წესები. გარდა ამისა, 190 მილიონამდე დეზინფორმაციის შემცველი პოსტი მოინიშნა ფაქტების დამოუკიდებელი გადამმოწმებლების მიერ. ფეისბუკი თანამშრომლობს ფაქტების გადამმოწმებლებთან 60-მდე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოცაა.

ანგარიში ფეისბუკმა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც, დაახლოებით, ერთი თვის წინ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ათობით ადამიანი ავრცელებს დეზინფორმაციას კოვიდ-19-სა და აცრებზე. სწორედ ეს ადამიანები არიან პასუხისმგებელი გავრცელებული არასწორი ინფორმაციის 65%-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუკმა მათი ანგარიშები დაბლოკა, ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ პლატფორმა მაინც არ აკეთებს საკმარისს არასწორი ინფორმაციის გავრცელების შეწყვეტისთვის.

ახალი ანგარიშის დასკვნით, ვაქცინების მიმართ უნდობლობა პლატფორმებზე შემცირებულია 50%-ით  აშშ-ში. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ნდობის ხარისხის მომატების შესახებ ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება.

გარდა ამისა, ფეისბუკის ცნობით, 18 მილიონმა მომხმარებელმა პროფილის ფოტოზე დააყენა ჩარჩო, რომელზეც აღნიშნულია, რომ მათ აცრა გაიკეთეს.

ფეისბუკის ადმინისტრაციის ცნობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა იცოდეს, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს აცრას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend