ნიუ-იორკში რესტორნებისა და ბარების შიდა სივრცეებით სარგებლობისა თუ რომელიმე მუზეუმში ხელოვნების ნიმუშების დათვალიერების მსურველებს კორონავირუსის საშვის წარდგენა უწევთ.
ე.წ. ვაქცინაციის კამპანია, რომლის შესახებაც 2 კვირის წინ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრას. აუცრელი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ ქალაქში არსებული რესტორნებით, ბარებით, სავარჯიშო დარბაზებით, საჯარო წარმოდგენებით, მუზეუმებითა და ა.შ.
ბოსტონელი ტურისტი მიშელ ჰითი აცხადებს, რომ როდესაც ნიუ-იორკში დააპირეს წამოსვლა, იცოდნენ, რომ კოვიდსაშვის წარდგენა იქნებოდა აუცილებელი ქალაქის შიდა და საჯარო სივრცეებით სარგებლობისას, რაც მათთვის მისაღებია, რადგან თავს ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ.
მას შემდეგ, რაც სერბეთში კორონავირუსის შემთხვევათა მატება დაიწყო, ვაქცინის მესამე, დამატებით დოზას იმ ადამიანებს უკეთებენ, რომლებიც 6 თვეზე მეტი ხნის წინ აიცრნენ. ბელგრადის ვაქცინაციის ერთ-ერთ ცენტრთან პატარა რიგიც კი შეიქმნა.
ჯანდაცვის სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, მივიდნენ და დროულად გაიკეთონ აცრა. მთავრობის განცხადებით, მოქალაქეები ვაქცინის დამატებით დოზასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ. მესამე დოზას შესთავაზებენ, პირველ რიგში, მოხუცებს, სამედიცინო მუშაკებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს.
17 აგვისტოს ახალ ზელანდიაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, მთავრობამ მკაცრი ზომები მიიღო და 7 დღით მთელს ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრის ჯასინდა არდერნის განცხადებით, ახალი ზელანდიის 5-მა მილიონმა მოქალაქემ ერთად უნდა იმოქმედოს, რათა ვირუსი მალევე შეჩერდეს.
ეპიდაფეთქება აქ ბოლოს თებერვალში იყო. ახალ ზელანდიაში მოახერხეს და თითქმის სრულად აღმოფხვრეს ვირუსი. ბოლო ინფორმაციით ქვეყანაში ამ ეტაპზე ინფიცირების 7 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.