საფრანგეთის ყველაზე ღარიბ რეგიონში გასული კვირების განმავლობაში ვაქცინაციის საგრძნობლად აჩქარება შეძლეს. ეს ვაქცინაციის იმ ცენტრების მეშვეობით მოხერხდა, რომლებშიც წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. ასეთი ცენტრები მოქალაქეების საცხოვრებელი სახლებისა და სამუშაო ადგილების მახლობლად მოეწყო.
ვაქცინებისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მთავრობას ძალიან უჭირდა პარიზის ჩრდილოეთით მდებარე სენა-სენ დენის რეგიონში. ქვეყნის ეს ნაწილი სხვადასხვა მუშათა კლასითაა დასახლებული. უმეტესად ემიგრანტებისგან შემდგარ ამ რეგიონში არსებობს როგორც ენის, ასევე სამედიცინო მომსახურების წვდომასთან დაკავშირებული პრობლემები.
როგორც ირკვევა, მარტივად მისადგომ ადგილას აცრის ცენტრების მოწყობამ ვითარება მკვეთრად გააუმჯობესა.
ერთ-ერთი ადგილობრივი მანუელა ბუვალი აცხადებს, რომ მან აცრა აფთიაქში გაიკეთა. მისი აზრით, ზოგიერთი ადამიანისთვის, შესაძლოა, რთული იყოს აცრის დაჯავშნა. ბუვალის თქმით, უბანში ყველამ იცის პარკი. მშობლებს, მართალია, ბავშვები აქ გასართობად მოჰყავთ, თუმცა მათ ადგილზე დროებით მოწყობილი ვაქცინაციის ცენტრიც ხვდებათ. ეს კი მთელი ქალაქისთვის ხელსაყრელია, რადგან ხალხს აღარ უწევს აცრის გასაკეთებლად დიდი მანძილის გავლა.
საფრანგეთის ამ რეგიონში, სადაც მოსახლეობის მეოთხედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, გასულ წელს, კორონავირუსის პირველად გავრცელების დროს, ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ლე ბურჟეს მერის, ჟან-ბაპტისტ ბორსალის, განცხადებით, ხალხს აცრისკენ უბიძგა კოვიდმოწმობის აუცილებლობამ, რომლის გარეშეც მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ რესტორნებით, ბარებით, მუზეუმებითა თუ კინოთეატრებით. ვაქცინაციის დროებითი ცენტრების მოწყობისთანავე მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმართვიანობა.
მაშინ, როც სენა-სენ დენის რეგიონი თვეების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის ტემპს ჩამორჩებოდა, ახლა რეგიონის მოსახლეობის 71% უკვე ერთჯერადადაა აცრილი. ბოლო ინფორმაციით, საფრანგეთში მოსახლეობის 57% სრულადაა ვაქცინირებული.