მთავარისაქართველოსაარჩევნო რეფორმის საკითხზე ორდღიანი საყოველთაო განხილვა დასრულდა

საარჩევნო რეფორმის საკითხზე ორდღიანი საყოველთაო განხილვა დასრულდა

ევროპული საბჭოს  პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში საარჩევნო რეფორმა განხორციელდებოდა.

ეს დოკუმენტი ახლა გაუქმებულია, რადგან ივლისში „ქართულმა ოცნებამ“ ის ანულირებულად გამოაცხადა. ამ ფონზე, საპარლამენტო ოპოზიცია შიშობს, რომ მმართველი გუნდი რეფორმას ჩააგდებს. თავად რეფორმა კი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას და ბარიერის 5-დან 2%-მდე დაწევას გულისხმობს. ოპოზიცია, სკეპტიციზმის მიუხედავად მაინც იღებს განხილვებში მონაწილეობას.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს უკან დახევა იმ ძირითადი პრინციპული შეთანხმებისგან, რაც ეხება პროპორციულ არჩევნებს, ბარიერს და პროკურორის დანიშვნის წესს. ერთის მხრივ „ნაციონალურმა მოძრაობამ” ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ განაცხადა, რომ ხმას მისცემს. მეორეს მხრივ „ოცნებამ” ინიციატივას მოაწერა მხარი და ახლა თითქოს რაღაც ეჭვები გაუჩნდათ, პუნქტები სწორი არის თუ არ არის, ხომ არ დავხვეწოთ და ა.შ. განხილვები იმიტომ არის, რომ ტექსტი დაიხვეწოს და არა იმიტომ, რომ შეიქმნას საფუძველი პოლიტიკური – ტაქტიკური მანევრებისთვის ცვლილებებზე საბოლოო ჯამში უარის თქმისთვის. ჩვენ ასეთი რამ გვინახავს“, – აცხადებს ფრაქცია „ლელო – საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი.

ოპოზიციის სკეპტიკურ დამოკიდებულებას მმართველ პარტიაში უსაფუძვლოს უწოდებენ. საპარალამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილი თქმით, ამ ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი თავად „ქართული ოცნება“ იყო და მმართველი ძალა ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია საარჩევნო ბარიერი. სწორედ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც 2020 წლის არჩევნები ჩაატარა 1%-იანი ბარიერით. ასე რომ, ჩვენი განწყობა, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი, როგორც დროებითი ზომა საჭირო შეიძლება იყოს იმისთვის, რომ განვითარდეს პარტიების სისტემა, ცნობილია. ზოგადად, ჩვენი განწყობა ამ საკითხის მიმართ არის კონსტრუქციული და პოზიტიური. თუკი აქამდე იყო, რომ ის, რაც შეთანხმებიდან გამომდინარეობდა, შედეგი ამ განხილვების წინასწარ იყო ცნობილი, ახლა ვისმენთ არგუმენტებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის გარდა, კონსტიტუციური ცვლილებები საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესსაც ეხება. ამ თანამდებობაზე პირი, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის საფუძველზე აირჩევა. ფორმალური საყოველთაო-სახალხო განხილვების შემდეგ, საკითხი პარლამენტის კომიტეტებში გადაინაცვლებს. შემდეგ კი, საშემოდგომო სესიაზე სამი მოსმენით გადაწყდება შევა თუ არა ცვლილება კონსტიტუციაში.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend