მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენი ავღანეთში შექმნილ ვითარებას აფასებს

ჯო ბაიდენი ავღანეთში შექმნილ ვითარებას აფასებს

მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა, ქვეყნის დატოვებას ათასობით ადამიანი ცდილობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში ავღანეთის დატოვების მცდელობისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. კომერციული ავიარეისები შეჩერებულია. ამავდროულად, ქვეყნიდან აშშ-ს სამხედრო რეისებით გაჰყავთ დიპლომატები. აეროპორტში შექმნილი ვითარებისგან განსხვავებით, ქაბულის ქუჩებში ძირითადად სიმშვიდეა, ყველგან თალიბანის მეომრები დგანან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მან გააკრიტიკა გადაწყვეტილება ავღანეთის პოლიტიკური ლიდერებისა, რომლებმაც საკუთარი ქვეყანა დატოვეს. ბაიდენის განმარტებით, იგი დარწმუნებულია, რომ ავღანეთიდან ჯარები უნდა გაეყვანა.

,,როდესაც თანამდებობა დავიკავე, პრეზიდენტ ტრამპს უკვე მოლაპარაკებები ჰქონდა გამართული თალიბანთან. მისი შეთანხმების თანახმად, ამერიკული ჯარები ავღანეთიდან 2021 წლის 1-ლი მაისისთვის უნდა გასულიყვნენ, არჩევანი, რომელიც მე, თქვენს პრეზიდენტს, მქონდა, იყო ან შემესრულებინა ეს შეთანხმება, ან თალიბანთან ბრძოლა გამეგრძელებინა და კიდევ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი გაგვეგზავნა ავღანეთში, ასე ომის ახალ ათწლეულს დავიწყებდით. მე მჯერა ჩემი გადაწყვეტილების – გამოვიყვანო ამერიკული ჯარები ავღანეთიდან“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

გაერო-ს უშიშროების საბჭო ავღანეთში ახალი, ინკლუზიური მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოდის. უშიშროების საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ ავღანეთში კონფლიქტის დასრულება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებებითაა შესაძლებელი.

გაეროს ხელმძღვანელმა ანტონიო გუტერეშმა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რომ “ყველა საშუალება” გამოიყენონ ავღანეთში ადამიანის უფლებების დასაცავად.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ადამიანების უფლებები ირღვევა. განსაკუთრებით მაწუხებს უამრავი ცნობა ავღანელი ქალებისა და გოგონების შესახებ. ავღანელი ხალხის მიტოვების უფლება არ გვაქვს”,- ანტონიო გუტერეში –  გაეროს გენერალური მდივანი

ექსტრემისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“, რომლის რეჟიმი ნატოს საერთაშორისო ოპერაციის შედეგად 2001 წელს დაემხო, ძალაუფლება 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა. “თალიბანმა” ავღანეთის სამთავრობო ძალებზე შეტევები ივლისის ბოლოდან დაიწყო და 15 აგვისტოს დედაქალაქიც  სრულად დაიკავა.

ავტორი: მარიამ ქობულია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend