მთავარისაქართველოპარტიები საქართველოში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს წარადგენენ

პარტიები საქართველოში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს წარადგენენ

პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რეგიონებში მერობის კანდიდატები გუშინ, 15 აგვისტოს წარადგინა. კანდიდატები პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაასახელა. თბილისის ჩათვლით ოპოზიციურ პარტიას ოცდაათ მუნიციპალიტეტში ეყოლება მერობისა და გემგებლობის კანდიდატები. ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული მოლაპარაკების თანახმად, პარტიების უმეტესობა ნაციონალურ მოძრაობას კონკურენტ კანდიდატებს არ დაუყენებს, სანაცვლოდ კი ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარობის კანდიდატების პოსტებს სხვა პარტიებს უთმობს.

საქართველოს პარლამენტის წევრმა პარტია მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ნაციონალური მოძრაობის მიერ კანდიდატების წარდგენაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაშიც ოპოზიციური პარტია ქართულ ოცნებას გამარჯვებაში ეხმარება, რადგან საარჩევნო პერიოდში სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ დგამს. მისივე თქმით, თავად პარტია მოქალაქეებს შემოდგომის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი არ ეყოლება და არც დასახელებულ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს. ელისაშვილის განცხადებით, პარტია „მოქალაქეების“ კანდიდატების პრეზენტაცია ახლო მომავალში გაიმართება.

“ეს იქნება კიდევ ერთი არჩევნები, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ წააგებს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყოფნის ჭკუა, რომ რაღაცებს ნორმალურად შეხედოს. ამიტომაც კიდევ ერთხელ წააგებენ და არ ვიცი, ალბათ მეთექვსმეტე არჩევნები იქნება 2012 წლის შემდეგ, რასაც წააგებენ. ვითომ რაღაცას ფაფხურობენ და სინამდვილეში, ეხმარებიან „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებასა და გაძლიერებაში. დღე-დღეზე გვექნება გუნდის პრეზენტაცია, იმ გუნდის, რომელთაგან ნაწილი იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში, ასევე ის გუნდი, რომელიც გვინდა, რომ შევიდეს თბილისის საკრებულოში და რომელმაც უნდა მიხედოს ქალაქს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობას ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველო” საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობს. 16 აგვისტოს კი ამ პარტიამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა. ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, ეს პარტიაც არ აპირებს, რომ თბილისში მერობის საკუთარი კანდიდატი დაასახელოს.

„ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ პირველი ეტაპი კოორდინაციის, მართალია დაგვიანებით, მაგრამ წარმატებით დასრულდა. მერობის ორი კანდიდატი ხონში – ზურაბ ჯიბუხაია, თერჯოლაში – ზურაბ ბუცხრიკიძე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან არის შეთანხმებული. ამასთან ერთად ჩვენ ბუნებრივია წარვადგენთ კანდიდატებს, იქაც სადაც შეთანხმების ნაწილი იყო, რომ რამდენიმე კანდიდატი ყოფილიყო. ამასთან ერთად 300-ზე მეტ მაჟორიტარულ ოლქში წინასწარი შეთანხმება არის ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე. ჩვენი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებს მომდევნო დღეებში წარვადგენთ“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის ორ ოქტომბერს გაიმართება. ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობას სულ 48 პოლიტიკური სუბიექტი იღებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend