დღეს, 13 აგვისტოს 60 წელი გავიდა ბერლინის კედლის აგებიდან. 28 წლის განმვალობაში ბეტონის კედელი ბერლინს ორ ნაწილად ყოფდა. როგორც ცნობილია, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთ ნაწილში გადასვლისას 140 ადამიანი დაიღუპა. თუმცა ბევრმა გადასვლა მაინც შეძლო. ბერლინში დღესაც არის კედლის ფრაგმენტები, რომლებიც არც თუ ისე შორეული წარსულის შემზარავი მოგონებაა.
1961 წლის 13 აგვისტოს ბერლინელები ახალი რეალობის წინ აღმოჩნდნენ. ეს იყო ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა ადამიანებს, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთში გადასულიყვნენ. ჰარტმუტ რიხტერი 13 წლის იყო, როდესაც კედელი აშენდა, თუმცა მაშინ იმედი ჰქონდა, რომ ბარიერი მალე მოიხსნებოდა.
ჰარტმუტ რიხტერი ამბობს, რომ იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კედელი 28 წელი იქნებოდა აღმართული, პირიქით, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს დროებითი იყო.
ჰარტმუტს აღარ ჰქონდა უფლება, კედლის იქითა მხარესა და ქალაქის დასავლეთ ნაწილში თავისი მეგობრები და ნათესავები მოენახულებინა. ის მაშინ კომუნისტი იყო, თუმცა ბარიერმა, იმავე ბერლინის კედელმა, ყველაფერი შეცვალა.
ჰარტმუტმა იცოდა, რომ მისი ნათესავები, რომლებიც დასავლეთში ცხოვრობდნენ, არ იყვნენ მტრები, თუმცა მიაჩნდა, რომ არ იყვნენ ნორმალურები. ისინი ხომ არ ფლობდნენ იმ ინფორმაციას, რომელიც მან იცოდა. ჰარტმუტი დარწმუნებული იყო, რომ სოციალიზმის გამარჯვება გარდაუვალი იყო. მან კარგად იცოდა, ვინ იყვნენ მარქსი და ენგელსი და კიდევ ბევრი სხვა რამ. 1961 წლის 13 აგვისტომდე ეს მისი ბავშვური მოსაზრება იყო.
თუმცა მალე მისთვის ყველაფერი ცხადი გახდა და 1966 წელს იგი ქალაქის დასავლეთ ნაწილში გაიდაიპარა. მან ერთ-ერთი არხი გადაცურა და გუშაგებს რამდენიმე საათის განმავლობაში ემალებოდა. მომდევნო წლებში კი იგი სხვებს გადასვლაში ეხმარებოდა.
ჰარტმუტი ამბობს, რომ მან თავისი ცხოვრება კედელთან ბრძოლაში გაატარა. როდესაც შტაზიდან დოკუმენტები მიიღო, მაშინ მიხვდა, რომ დასავლეთ ნაწილში ყოფნისას მისი მოკვლა სურდათ. თუმცა საბოლოოდ მისი მკვლელობის შეკვეთა გაუუქმებიათ, შესაბამისად, იგი დღესაც ცოცხალია. მაგრამ ეს ამბავი მისთვის შოკისმომგვრელი იყო.
ქალაქში კედლის ნარჩენები ჯერ კიდევ არის. ადამიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქალაქის შუაზე გაყოფაც კია შესაძლებელი. ლარა და ემირი მიუნხენიდან არიან და პირველად ახლა ნახეს კედლის ფრაგმენტები.
იმირი და ლარა ფიქრობენ, რომ ადამიანებს ნამდვილად სურდათ ქალაქის დასავლეთ ნაწილში წასვლა, სხვაგვარად ეს კედელი არც იქნებოდა. მათთვის იმის წარმოდგენაც კი რთულია, რომ ბერლინის ამ ადგილებში მავთულხლართები იყო გაბმული და სამხედროები იდგნენ.
60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კედელი აშენდა და 32 კი, რაც ის დაინგრა. დღეს ბერლინის კედელი ძირითადად შორეული წარსულის შემზარავი მოგონებაა.