მოზამბიკისა და რუანდის არმიების ერთობლივი ძალისხმევით, ტერორისტების განდევნის შემდეგ, მოზამბიკში ოჯახები მშობლიურ სოფლებსა და ქალაქებს უბრუნდებიან.
ორი ქვეყნის ათასამდე ჯარისკაცის მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, სამხედრო მეთაურობის განცხადებით ტერორისტებთან კონფლიქტი არ ამოწურულა და არმია საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს.
ადგილობრივი მკვიდრი, აუგუსტინ მეგელი კონფლიქტისას, მის მიერ ნანახ სისასტიკეზე საუბრობს.
„როდესაც კონფლიქტი დაიწყო ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. ისინი ადამიანებს ესხმოდნენ და ჩვენს თვალწინ ხოცავდნენ. ჩვენ თავდაცვის მიზნით იარაღი მოვითხოვეთ, მაგრამ წარუმატებლად. როდესაც საქმეში არმია ჩაერთო მსხვერპლი მხოლოდ გაიზარდა“, – იხსენებს ლტოლვილი აუგუსტინ მეგელი.
რუანდის შეიარაღებული ძალები მოზამბიკის არმიას ტერორისტებთან ბრძოლაში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. ამ უკანასკნელის დამსახურებით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა.
მოზამბიკის არმია საკუთარი ძალებით ტერორისტებს წინააღმდეგობას წარმატებით ვერ უწევდა. 4 წლიანი დაპირისპირების შედეგად 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 800 ათასი კი დევნილად იქცა.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, მოზამბიკის არმიის სამხედრო კამპანიას ტერორისტების წინააღმდეგ საფრანგეთი აფინანსებს, ქვეყანაში დაძაბული მდგომარეობის ფონზე კი ფრანგულ ენერგეტიკულ კომპანიას 20 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის გაუქმება მოუწია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისლამურ სახელმწიფოს მებრძოლებთან კონფლიქტის გამო და მოზამბიკში არსებული კრიზისის ფონზე მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, 800 ათასი მოქალაქე კი დევნილად იქცა, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 3 ათასამდე ადამიანი.
მეზობელი რუანდის არმიის დახმარებით ისლამური სახელმწიფოს უკანდახევის შედეგად ლტოლვილთა ნაწილი საკუთარ საცხოვრებელ ადგილს უბრუნდება.