საბერძნეთი კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული. ხანძარი ჯერ კიდევ მძვინვარებს ქვეყნის რეგიონებსა და კუნძულ ევიაზე. თითქმის სრულად განადგურდა კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი. მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა, დამატებითი ჯგუფები იქნა მობილიზებული რუმინეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკიიდან და პოლონეთიდან. მათ უკრაინელი მეხანძრეებიც შეურთდნენ. ხანძრებს საბერძნეთში 1300-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის.
10 აგვისტოდან უკრაინელი მეხანძრეები თავიანთ ბერძენ კოლეგებს შეუერთდნენ ევიის კუნძულზე მძვინვარე ტყის ხანძრების ჩასაქრობად. როგორც სახანძრო სამსახურში აცხადებენ, დაახლოებით 900 მეხანძრე, 50 საველე ჯგუფი და 200-ზე მეტი მანქანაა ჩართული ცეცხლის ჩაქრობის პროცესში.
მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისთვის მიმართა, დამატებითი ჯგუფები იქნა მობილიზებული რუმინეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკიიდან და პოლონეთიდან.
ევროკავშირის ინფორმაციითა და სატელიტიტიდან გადაღებული სურათებიდან ირკვევა, რომ ევიის კუნძულზე 49 000 ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა.
ხანძრების რამდენიმე კერაა ქვეყნის სხვა ნაწილებშიც, მაგალითად, პელოპონესის რეგიონში, სადაც ხანძარი კვლავ მძვინვარებს. რეგიონში მოსახლეობის მორიგი ევაკუაცია 10 აგვისტოდან მიმდინარეობს.
პელოპონესის რეგიონში ხანძარს 400-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის, მათ შორის 5 ჯგუფი ჩეხეთიდან და ბრიტანეთიდან. მათ 5 ვერტმფრენი და 23 სახანძრო თვითმფრინავი ეხმარება.
ამავდროულად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ბოდიშს იხდის იმ სისუსტისთვის, რომელიც ქვეყნის მთავრობამ ხანძრებთან გამკლავების დროს გამოავლინა.
ევიის კუნძულზე ხანძარი 3 აგვისტოდან მძვინვარებს. სრულად განადგურდა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის მთაგორიანი ტყის მასივი, რომელიც ადგილობრივებისა და საბერძნეთში ჩასული დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.