მთავარისაქართველოვინ არიან მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები თბილისში

ვინ არიან მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები თბილისში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2021 წლის 2 ოქტომბერი გამოაცხადა. განკარგულებას პრეზიდენტმა ხელი ორ აგვისტოს მოაწერა.

საარჩევნო კამპანია თბილისსა და რეგიონებში უფრო ადრე, ივლისიდან დაიწყო. უკვე ცნობილია რამდენიმე პარტიის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები თბილისში.

2021 წლის 20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძე დაასახელა. წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა. კახა კალაძე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ წარადგინეს.

„პრაქტიკულად, სრულად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დავაწესეთ ინფრასტრუქტურის განახლების ახალი სტანდარტი, შევქმენით ახალი გარემოსდაცვითი სტანდარტი, გავაშენეთ ახალი სკვერები და პარკები, ქალაქის მასშტაბით ავაშენეთ ახალი საბავშვო ბაღები. დედაქალაქის მთავრობა ეცდება „სიცოცხლით გაავსოს თითოეული თბილისური უბანი თუ ეზო“. „განახლება უკვე დაწყებულია, ამჯერად ჩვენი ყოველდღიური მუშაობის შედეგი ბევრად უფრო მოცულობითი, ბევრად უფრო ხელშესახები გახდება თითოეული თბილისელისთვის“, – თქვა თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე.

ოპოზიციური პარტიებიდან პირველად, საარჩევნო მარათონში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩაება, რომლის თავმჯდომარე ნიკა მელია მერობის პოსტისთვის იბრძოლებს. საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კი პარტია „დროას“ ლიდერი, წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ კი პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი – ელენე ხოშტარია დასახელდა.

“თანამშრომლობა, ერთიანობა, საერთო მიზნებისკენ მიმავალ გზაზე განსხვავებულთა ერთსულოვნება არის საქართველოს მომავალი. მომავალი, რომელსაც ვიწყებთ დღეს აქ და ახლა და სწორედ ამიტომ, მე ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს. სწორედ ამიტომ მე დღეს ვდგავარ თქვენს წინაშე და ჩემი და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვაცხადებ — ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილებისა და მოთხოვნების უსიტყვოდ და უპირობოდ შემსრულებელია. ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე, დამაზღვევს შეცდომებისგან და მაიძულებს ვაკეთო უფრო მეტი და ვაკეთო უფრო უკეთესად”, – განაცხადა მელიამ.

მერისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დამოუკიდებლად წარადგინა ლეიბორისტულმა პარტიამ. ამ თანამდებობებისათვის პარტიის ახალგაზრდა წევრები მიხელ ქუმსიშვილი და ლაშა ჩხარტიშილი იბრძოლებენ. კანდიდატები საზოგადოებას პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე 7 აგვისტოს წარუდგინა.

,,მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დიდი პასუხისმგებლობაა ვიყარო კენჭი თბილისის მერის პოსტზე. დღეს ქვეყანას სჭირდება სიახლეები და ცვლილებები. ტრადიციულად,  ეს იწყება თბილისიდან და ნაწილდება მთელ ქვეყანაზე.  დღეს გვაქვს იდეალური შანსი ახალ სახეებს გავუხსნათ გზა პოლიტიკაში. ამ ორი თვის განმავლობაში, როგორც მერობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან,  ყველაფერს გავაკეთებ,  რომ დავანახო  თბილისელებს ჩემი ხედვა   და დაგარწმუნოთ რომ მხოლოდ ჩემთვის და ლეიბორისტულ პარტიისთვის მიცემული ხმა იქნება ერთადერთი გარანტია ქვეყნის წარმატების“, – თქვა მიხელ ქუმსიშვილმა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რეგიონებში კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. სხვა პარტიები ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან. აქტიური საარჩევნო კამპანია 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend