მთავარიმსოფლიოდედამიწაზე ტემპერატურა იმაზე სწრაფად იმატებს, ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ

დედამიწაზე ტემპერატურა იმაზე სწრაფად იმატებს, ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ

ბოლო დროს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმები სულ უფრო მეტად გახშირდა, იქნება ეს ტყის ხანძრები, წყალდიდობები, მეწყრული პროცესები და ა.შ. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით კი ირკვევა, რომ დედამიწაზე ტემპერატურა იმაზე სწრაფად იმატებს, ვიდრე ამას ადრე ვარაუდობდნენ.

როგორც გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური მინისტრი სვენია შულცი აცხადებს, დედამიწის გადასარჩენად დრო იწურება. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, დედამიწაზე იმაზე სწრაფად იმატებს ტემპერატურა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. გერმანელმა პოლიტიკოსმა  მთავრობაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა იღონონ, რაც შეიძლება სწრაფად  თქვან უარი ქვანახშირზე, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. იგი მოუწოდებს მთავრობას, ქვეყანა მზისა და ქარის ენერგიის მოხმარებაზე გადავიდეს.

გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრი სვენია შულცი აღნიშნავს, რომ გერმანიაში უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში  პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი დაბლოკეს და ისე იმოქმედეს, რომ ქვეყანა არ განვითარებულიყო. თუმცა იგი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ მომდევნო 10 წელს უფრო შედეგიანად იმუშავებენ, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა. იგი მხოლოდ ინდუსტრიების გარდაქმნას არ გულისხმობს, არამედ თავად საზოგადოება უნდა შეიცვალოს, რადგან მომავალში ქვეყანას ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგია და შენობების გათბობის ახალი საშუალებებიც ექნება. ეს კი დიდი შესაძლებლობაა, რომელიც გერმანიამ უნდა გამოიყენოს, რადგან მათ აქვთ შესაბამისი ტექნოლოგიები.

თუმცა კლიმატის დაცვა მხოლოდ გერმანიას არ მოეთხოვება. ეს გლობალური საზოგადოების საზრუნავია. 3 თვეში გლაზგოში კლიმატის სამიტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ქვეყნები კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა შეთანხმდნენ.  „გრინპისის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მთავრობებმა სწორედ ახლა უნდა იმოქმედონ.

„გრინპისის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯონ სოვენი ამბობს, რომ მეცნიერებმა რამდენი ანგარიშიც არ უნდა წარმოადგინონ, საბოლოო ჯამში მთავრობებზეა დამოკიდებული, როგორ იმოქმედებენ. დიდი ოცეულის ქვეყნებმა ახლა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის ემისიების განახევრება იყოს შესაძლებელი. მისი თქმით, აქ ფულის საკითხი არ არის. კოვიდპანდემიის დროს მსოფლიოში 15 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. სხვა დროსაც შეიძლებოდა ამ 15 ტრილიონის დახარჯვა, რომ უფრო გამწვანებულიყო ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, შექმნილიყო ახალი სამუშაო ადგილები და ბიზნესები.

გრინპისს“ სურს, რომ 1990 წელთან შედარებით, 2030 წელს მავნე აირები 65%-ით შემცირდეს. თუმცა ევროკავშირში მიზნად მხოლოდ 55%-ით შემცირება დაისახეს. გასულ მაისს კი გერმანიამ გაამკაცრა კანონი კლიმატის დაცვის შესახებ და ემისიების შემცირება 65%-ით მოითხოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend