მთავარი გადაცემები კუბი გაეროს კლიმატის ანგარიში - „საგანგაშო სიგნალი კაცობრიობისთვის“

გაეროს კლიმატის ანგარიში – „საგანგაშო სიგნალი კაცობრიობისთვის“

გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისმა ექსპერტთა ჯგუფმა კლიმატის ცვლილების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ანგარიშს კაცობრიობისთვის საგანგაშო სიგნალს უწოდებს.

„მტკიცებულებები უდავოა: სათბურის აირების გაფრქვევა ახრჩობს ჩვენს პლანეტას და საფრთხეს უქმნის მილიარდობით ადამიანს. გლობალური დათბობა დედამიწის ყველა რეგიონზე ახდენს გავლენას, ცვლილებების დიდი ნაწილი შეუქცევადია. კლიმატის კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ჩვენ გადაჭრით უნდა ვიმოქმედოთ“, — აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოქვეყნებულ ტვიტში.

გამოქვეყნებული ანგარიში დაახლოებით 3 500-გვერდიანია და მასში 200 მეცნიერის მიერ 14 000 სამეცნიერო კვლევაა გაანალიზებული.  ანგარიში მსოფლიო ლიდერებს აწვდის უახლეს ინფორმაციას ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შესახებ.

მსოფლიო ლიდერებმა პარიზის კლიმატის შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოაწერეს. დოკუმენტის ერთ-ერთი მიზანია, რომ გლობალური დათბობის საშუალო მაჩვენებელმა 1,5 ცელსიუსს არ გადააჭარბოს.

ანგარიში გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისმა ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა. მკვლევრების განცხადებით, ცვლილებები, რომლებსაც ახლა ვაწყდებით, უპრეცედენტოა ათასობით, ასეულობით ათასი წლის განმავლობაშის კი.

ანგარიშის მიხედვით, ყინულის დნობა, სითბური ტალღები, გვალვები, წყალდიდობები და ქარიშხლები სწორედ კლიმატის ცვლილების გამოხატულებაა, ამ ტიპის მოვლენები კლიმატის ცვლილების შედეგად მომავალში უფრო გახშირდება.

მაგალითად, გარკვეული სიმძლავრის სითბური ტალღა, რომელიც წარსულში მხოლოდ 50 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახლა ათწლეულში ერთხელ ხდება. ანგარიშის მიხედვით, თუ მსოფლიო ერთი გრადუსით კიდევ დათბება, იგივე სიმძლავრის სითბური ტალღა ყოველ 7 წელიწადში ერთხელ გამეორდება.

ანგარიშში მომავლის ხუთი სხვადასხვა სცენარია განხილული, იმის მიხედვით, თუ რამდენად შეამცირებს კაცობრიობა სათბურის აირების გაფრქვევას. თუმცა თითოეული სცენარის შემთხვევაში გლობალური დათბობა 1,5 გრადუსი ცელსიუსის ნიშნულს 2030-იან წლებში კვეთს, რაც უფრო ადრეული თარიღია, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ.

„ეს ანგარიში აჩვენებს, რომ ყველა შემუშავებული სცენარის მიხედვით, გლობალური დათბობის მაჩვენებელი მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში აღწევს ან აჭარბებს 1,5 ცელსიუსს. თუმცა, თუ სათბურის აირების გაფრქვევა მთელ მსოფლიოში სწრაფად შემცირდება და 2050 წლისთვის ჯამურად ნულს მიაღწევს, მაშინ ამ დროისთვის გლობალური დათბობის მაჩვენებელი იქნება 1,5 გრადუს ცელსიუსთან, მაგრამ შემდეგ დაბლა სვლას დაიწყებს“, — აცხადებს გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისი ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე  ვალერი მასონ-დელმოტი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend