უნგრეთში მდინარე ტისაზე ყოველწლიურად დასუფთავების აქცია იმართება. ღონისძიებას, რომელშიც დიდები, პატარები, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ, საფუძველი 9 წლის წინ ჩაეყარა.
დღეს 6 აგვისტოს კი დასუფთავების აქციაში 250-ზე მეტი ადამიანია ჩართული. ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე ღონისძიების დროს ყოველწლიურად 10 ტონაზე მეტი ნაგავი გროვდება.
უნგრეთში ე.წ. „ტისის თასის“ ღონისძიების მესამე დღე გამორჩეული იყო, რადგან, წინა დღეებთან შედარებით, წყლის დონემ თითქმის ნახევარი მეტრით დაიწია. ე.წ. „ტისის თასი“ პირველად 9 წლის წინ გაიმართა, როდესაც მონაწილეებმა პლასტმასის ბოთლებით აწყობილი 4 ნავით მდინარის დასუფთავება დაიწყეს. ახლა ამ ღონისძიებაში 40 ნავით 250 ადამიანი მონაწილეობს. გასული წლის შედეგები კი უკვე შესამჩნევია.
ღონისძიების ორგანიზატორი ატილა დეივიდ მოლნარი აღნიშნავს, რომ წელს მდინარეში ზოგ ადგილას ნარჩენები არც კი არ შეხვედრიათ. მათი ყოველწლიური ღონისძიებით დაინტერესდა უკრაინაც, სადაც სასაზღვრო ზონაში წყლების დაბინძურების საკითხი პრიორიტეტულია. მისი თქმით, რამდენიმე კომპანია უფრო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ პრობლემას.
ერთკვირიან ღონისძიებაში ჩართული იყვნენ დიდები, პატარები, ძაღლები, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ზოგიერთი მათგანი უკვე ბევრი წელია, მონაწილეობს ამ ღონისძიებაში.
ერთ-ერთი მონაწილე გაბი კუჩინკა ამბობს, რომ მათ მდინარე ტისაზე სხვადასხვა თავგადასავალი და დაუვიწყარი ამბავი გადახდათ. ბავშვებსაც ბევრი რამ დაუგროვდათ მეგობრებისთვის მოსაყოლი. მისი აზრით, მსგავსი რამ სხვაგან არ ხდება.
ერთ დღეში შეგროვებულ ნარჩენებს დახარისხების შემდეგ პარკებში ანაწილებენ. ერთკვირიანი ღონისძიების დროს ათ ტონაზე მეტ ნაგავს იღებენ წყლიდან. აქედან 60% გადამუშავებას ექვემდებარება.