ინტერნეტში უცხო სიტყვათა ლექსიკონში სიტყვა ბუკინისტის ასეთი განმარტება გვხვდება – „ნახმარი ან ძველი, ჩვეულებრივ, იშვიათი წიგნებით მოვაჭრე.“
ამ პროფესიის ადამიანებს თბილისში ხშირად შეხვდებით, მეტიც ზოგიერთი გამზირი თუ ქუჩა მათ გარეშე ხშირად წარმოუდგენელიცაა.
„მოიტანა ბიჭმა სამი წიგნი და მეუბნება 15 ლარი იქნებ მომცეთ და აი ეს რუსთაველი დედას ნაჩუქარია და მე ვერ წავშალე წარწერაო, ეტყობა გარდაცვლილი იყო დედა.. და მთხოვა, თუ შეიძლება თქვენ წაშალეთო. ფული მივეცი და წიგნები არ გამომირთმევია, ამით ხო არ გავღატაკდები არა?”!- იხსენებს ბუკინისტი მერი ლომიძე.
ასეთ ამბებს თბილისის ქუჩებში ბევრი ბუკინისტი მოგიყვებათ. ბევრ დახლს შეხვდებით, რომელიც ძველი თუ ახალი წიგნებითაა გაწყობილი.
ბუკინისტებს კი თითქმის ყველა წიგნის ისტორია ახსოვთ. არ ავიწყდებათ მათი ამბავიც ვისაც წიგნი ჩასაბარებლად მოაქვს.
აქ ყველას თავისი ამბავი აქვს, ზოგი საქმეს წიგნის სიყვარულის გამო ვერ შორდება, ზოგისთვის ბუკინისტობა შემოსავლის წყაროა, ზოგი კი საინტერესო მყიდველთან ურთიერთობას ვერ წყდება
„საკმაოდ ხშირად მოვდივარ აქ , ძალიან საინტერესო წიგნებს ვხვდები და საინტერესო გამოცემებს, რატომ მოვდივარ? ახლა ისეთი პერიოდია, ბევრი წიგნი გამოდის იბეჭდება, მაგრამ იქ ისეთ საინტერესო რაღაცებს ვერ წააწყდები აქ კი რაღაცნაირად შენს ინტერესს აკმაყოფილებს თითქოს ყველაფერი. ჩვენ ასევე საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და ახლა ღირებულებების გადაფასება გვინდა. იმ პერიოდის ბევრი წიგნს ვნახულობ და მხატვრული ლიტერატურის არჩევანიც მრავალფეროვანია“, – ამბობს წიგნების მოყვარული.
ბევრი ბუკინისტი ამბობს, რომ ამ საქმეში გამოცდილების წყალობით მყიდველის გემოვნების გამოცნობაც შეუძლიათ. მათთან ისეთ წიგნებსაც შეხვდებით, რომლებიც უკვე დიდი ხანია აღარ იბეჭდება.
„ამ საქმეში 20-25 წელია რაც ვარ, რა თქმა უნდა, აქ ისეთი ხალხი მოდის ვისაც წიგნი აინტერესებს, მე მაინც მგონია, რომ უცნაურობა ამ საქმეში არ ხდება, რადგან ადამიანს ყველანაირი ლიტერატურა შეიძლება აინტერესებდეს“, -ამბობს ბუკინისტი გიორგი ლემონჯავა “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბარში.
პანდემიამ ამ საქმიანობასაც შეუქმნა საფრთხე. თბილისის მთავარ გამზირზე წიგნებისგან დაცარიელებულ თაროებსაც შეხვდებით, სადაც ბუკინისტებიც არ დგანან.
„დღეს რომ კაცი წიგნს იყიდის მზად ვარ სახლში მივუტანო, ოღონდაც წიგნი იყიდოს“, – ამბობს მერი ლომიძე.
ბუკინისტებს განსაკუთრებით ის ხალხი უყვართ, ვინც იცის რა წიგნი უნდათ, დაჟინებით რომ ეძებენ, ხანდახან წლების განმავლობაში. და მერე, როცა ბუკინისტების დახმარებით მოიპოვებენ, უდიდეს სიხარულს გრძნობს, გამყიდველიც და მყიდველიც.
ნინი ჯალაბაძე