მთავარიევროპათურქეთითურქეთი მეცხრე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვის

თურქეთი მეცხრე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვის

თურქეთის რესპუბლიკის რეგიონებში ცეცხლის გაჩენის ფონზე ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურს განადგურების საშიშროება აღარ ემუქრება.

საფრთხის მიუხედავად, ახლომდებარე სოფლის, ორენის მოსახლეობის ნაწილმა კარმიდამოს დატოვებაზე უარი განაცხადა.

მუღლის პროვინციაში ელექტროსადგურზე ცეცხლის გავრცელების საშიშროებას ძლიერი ქარი ქმნიდა, შესაბამისად,  რეგიონში სრულმასშტაბიანი ევაკუაცია გამოცხადდა.

„რა თქმა უნდა, აქ დარჩენა სახიფათო იყო, თუმცა გადავწყვიტეთ, არ გავქცეულიყავით. ეს ჩვენი სახლია, ჩვენი მიწა. ჩვენ ლოდინი ვარჩიეთ. ხალხი ნავსადგურისკენ მირბოდა, დაახლოებით 200 – 300 ადამიანი იყო, ისინი ჩქარობდნენ, რომ საევაკუაციო ნავებთან მიესწროთ. ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროს ან სანაპირო დაცვის ნავები იყო, ჩემი მეგობრები ასე წავიდნენ“, – ყვება ორენის 22 წლის მკვიდრი, ჰულია დამლა სოიდანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსახლეობის გაყვანაში  საზღვაო ძალების გემებიც მონაწილეობენ. მოსახლეობის ნაწილი ალმოდებული ტერიტორიიდან მანქანებით გადიოდა.

თურქეთის რესპუბლიკა უკვე მეცხრე დღეა, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ცეცხლს ებრძვის. მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ჰაერის გამო მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.

ბუნებრივი კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ათასობით გარეული ცხოველი კი ცეცხლმოდებული ტერიტორიიდან გარბის. მოსახლეობის ნაწილი კი საკუთარი ქონების გადარჩენას ცდილობს.

მუღლის ზღვისპირა რეგიონში, სადაც ცნობილი კურორტი ბოდრუმია, მეხანძრეები ცეცხლს 6 სხვადასხვა ადგილას ებრძვიან.

ცეცხლი გავრცელდა ანტალიის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტშიც. ევაკუაცია ანტალიის ორი მუნიციპალიტეტიდან გახდა აუცილებელი.

„მათ ძალიან შეგვაშინეს, გვეუბნებოდნენ, რომ წყალბადი აფეთქდება და ეს ტერიტორია გაქრება. ამან ხალხში პანიკა გამოიწვია. მაგრამ ქარხანაში აალებადი არაფერია. მხოლოდ ლითონი და ბეტონია. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სირენებითა და განცხადებებით პანიკას თესავდნენ ხალხში. ხალხი ისე გარბოდა, თითქოს ცეცხლი მისდევდა მათ. არ მგონია, რომ ხანძარი ასეთი გავრცელებული იყო“, – აცხადებს ორენის მკვიდრი და ელექტროსადგურის მუშაკი, 48 წლის ისმაილ აიჰანი.

ელექტროსადგურიდან, ყოველი შემთხვევისათვის წყალბადის საცავები გაიტანეს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ელექტროსადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend