მთავარისაქართველოერთი თვე 5 ივლისიდან

ერთი თვე 5 ივლისიდან

მოძალადე ჯგუფების ორგანიზატორები გამოძიებამ კვლავ ვერ გამოავლინა

ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღირსების მარში მოძალადე ჯგუფებმა ჩაშალეს. დაარბიეს ოფისები და ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს. სიძულვილის გამომხატველი ჯგუფები ამ დღეს განსაკუთრებული აგრესიით მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოირჩეოდნენ. აქციის გაშუქებისას მძიმედ დაშავდნენ ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ოპერატორები. 53 დაშავებული ჟურნალისტიდან დაზარალებულად ჯერ ისევ 42-ია ცნობილი. ამ დროისთვის გამოძიებამ 28 პირს წარუდგინა ბრალი, თუმცა საგამოძიებო უწყებამ კვლავ ვერ გამოავლინა ძალადობრივი აქციის ვერცერთი ორგანიზატორი.

31 დღეა გამოძიება ადგენს, ვინ შეკრიბა რუსთველის გამზირზე მოძალადე ჯგუფები. ვისი მითითებით დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები. გამოძიებას ჯერ ისევ არ აქვს პასუხი, ვინ მოუწოდებდა სიძულვილის გამომხატველ ჯგუფებს ფიზიკურად გასწორებოდნენ მედიის წარმომადგენლებს. უმოწყალოდ ეცემათ ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები, რა დროსაც ათობით მოძალადეს ხელს ვერავინ უშლიდა.

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო. ეს ღონისძიება რუსთაველის გამზირზე იგეგმებოდა. თუმცა მოძალადე ჯგუფები სწორედ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ლგბტქ თემის წარმომადგენლებს ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა აღარ მიეცათ. ადგილზე მობილიზებული საპატრულო ეკიპაჟები მოძალადეების შესაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მედია, რომელიც აქციას აშუქებდა, სიძულვილის გამომხატველი ჯგუფების პირისპირ მარტო დარჩა.

სწორედ ამ აქციის გაშუქებისას სცემეს უმოწყალოდ ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას. ის რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. ლექსოს გარდაცვალების მიზეზის შესახებ, ექპერტიზის საბოლოო დასკვნა არ გამოქვეყნებულა.

მედიაზე ძალადობის შემდეგ ჟურნალისტების პროტესტი დაიწყო. რუსთაველის გამზირზე აქციები გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვდნენ. ჟურნალისტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

„დაისაჯოს ყველა მოძალადე“ – ჯერ ვერც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლო გამოძიებამ.

ნანუკა მეშველაშვილი​

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend