ლიეტუვა, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა ბელარუსიდან ძირითადად ერაყელი ემიგრანტების ტალღა მიაწყდა, თვლის, რომ ეს ლუკაშენკას შურისძიებაა, რადგან მინსკსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა კიდევ დაიძაბა მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა მინსკს თვითმფრინავში დისიდენტი ჟურნალისტის დაპატიმრების გამო ახალი სანქციები დაადო.
ბელარუსის პრეზიდნეტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ 5 აგვისტოს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებებს ლიეტუვასთან საზღვრის მკაცრად გაკონტროლება უბრძანა.
„დღეიდან ბელარუსის ტერიტორიაზე ვერცერთმა ადამიანმა ვერ უნდა შეძლოს შემოსვლა მიმდებარე ტერიტორიიდან, იქნება ეს სამხრეთიდან თუ დასავლეთიდან“, – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა.
4 აგვისტოს ლიეტუვამ განაცხადა, რომ უფლებას იტოვებს არალეგალური ემიგრაციის შესაჩერებლად ძალა გამოიყენოს და უკან გააბრუნა 180 კაცი, რომლებიც ქვეყანაში შეღწევას ცდილობდნენ.
პასუხად ლუკაშენკამ ლიეტუვასთან საზღვარზე კონტროლი გააძლიერა.
„ისინი დაგვემუქრნენ, რომ უკანონო ემიგრანტებს თავს ბელარუსის და ლიეტუვას საზღვარზე არსებულ ოფიციალურ გადასასვლელ პუნქტებზე მოუყრიან. საუბარია რამდენიმე ასეულ და შეიძლება ათასობით ადამიანზე. ცეცხლის გახსნის მუქარით ისინი მათ ბელარუსის ტერიტორიისკენ უბიძგებენ. ჩვენი კანონის მიხედვით, და მე როგორც ყოფილმა მესაზღვრემ კარგად ვიცი, რომ საზღვარზე იგივე კანონები მოქმედებს, რაც საბჭოთა კავშირის დროს. საზღვრის დაცვა ჩვენთან კონფლიქტის რისკს შეიცავს, რადგან ვერ დავუშვებთ სახელმწიფო საზღვრის დარღვევას”,- ამბობს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა.
ლიეტუვას ბელარუსთან 679 კილომეტრიან საზღვარზე არავითარი ფიზიკური ბარიერი არა აქვს. წელს ამ საზღვრიდან ლიეტუვაში 4 ათასზე მეტი ემიგრანტი შევიდა, ძირითადად ერაყელები.