გერმანიის რეგიონების ჯანდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ.
პირველ რიგში, ვაქცინაცია დაუცველ ჯგუფებს ჩაუტარდებათ. მინისტრების განცხადებით, „ასტრაზენეკასა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით აცრილ პირებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ მესამე დოზა „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინებით გაიკეთონ. გერმანიაში ვაქცინას შესთავაზებენ 12 წელს გადაცილებულ მოზარდებსაც.
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, დელტა ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად ვაქცინის მესამე დოზით აცრას 60 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც შესთავაზებენ. ქვეყანაში მესამე დოზით აცრა კვირიდან დაიწყო. მთავრობის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევები იზრდება ვაქცინირებულ მოქალაქეებს შორის.
პოლონეთში 2 აგვისტოს ვაქცინაციის ცენტრზე მომხდარი თავდასხმა და ცეცხლის გაჩენა მთავრობამ ტერორისტულ აქტად შეაფასა.
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს ადამ ნეძელსკის მიაჩნია, რომ ეს ტერორისტული აქტი მიმართული იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აქ მუშაობენ, თუმცა ტერორისტებს მხოლოდ ეს მიზანი არ ამოძრავებდათ. ეს იყო თავდასხმა სახელმწიფოზეც.
გასულ უქმეებზე ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვაქცინაციის ცენტრის თანამშრომლებს. ისინი მათ მკვლელებად მოიხსენიებდნენ. შემთხვევის ადგილას მალევე გამოიძახეს პოლიცია.