სამხრეთ თურქეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა. თურქული მედიის ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა ქალაქ მანავგატში, ერთი კი მარმარისში.
28 ივლისიდან დღემდე თურქეთის 32 ქალაქში გაჩენილი ხანძრის 126 კერიდან 119-ის ლოკალიზება მოხერხდა.
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 13 თვითმფრინავი, 45 ვერტმფრენი, დრონები და 800-ზე მეტი სახანძრო მანქანაა ჩართული.
ოფიციალური პირები აცხადებენ, 100-ზე მეტი კერა უკვე ლოკალიზებულია. მათი ინფორმაციით, ცეცხლი ანტალიისა და მუღლის ტურისტულ პროვინციებში 5 ადგილას არის გავრცელებული, ხოლო დანარჩენ რეგიონებში კი ნელ-ნელა ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.
ანტალიაში ხანძარი მძვინვარებს მანავგატის რაიონში, მუღლის პროვინციაში კი – მარმარისსა და მილასში.
მუღლაში ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ სპეციალური ვერტმფრენებითა და სახანძრო მანქანებით, ასევე წყლის ჭავლის საშუალებით, რომელსაც, როგორც წესი, საპროტესტო აქციების დასაშლელად იყენებენ.
სახლების დატოვება მოუწიათ ადგილობრივებს. შაბათს კი მუღლის რაიონში ბოდრუმის სასტუმროებიდან ტურისტებიც გაიყვანეს. ხანძარი მთის ფერდობიდან ზღვის მიმართულებით გავრცელდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ოთხშაბათიდან ცეცხლი ქვეყნის 32 პროვინციას მოედო, გარდაიცვალა 8 ადამიანი.
სამხრეთ ევროპაში გავრცელებულმა სითბურმა ტალღამ, რომელსაც აფრიკის კონტინენტიდან ცხელი ჰაერის მასები უერთდება, ტყის ხანძრების წარმოქნას შეუწყო ხელი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მათ შორის თურქეთსა და საბერძნეთში, სადაც ტემპერატურის მატებას 42 გრადუსამდე ელიან.