ავღანეთში კანდაჰარის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი რაკეტებით, სავარაუდოდ, თალიბანის მებრძოლებმა დაბომბეს. ამის გამო აეროპორტში მუშაობა შეფერხდა. კანდაჰარის აეროპორტში სამხედრო ბაზაა, რომელიც ავღანეთის შეიარაღებულ ჯარს ქვეყნის სამხრეთით საჭირო აღჭურვილობით ამარაგებს. ღამით, დაახლოებით პირველ საათზე, 3 რაკეტა გაუშვეს აეროპორტის მიმართულებით, აქედან 2 სწორედ ასაფრენ ბილიკზე დაეცა, რამაც აეროპორტის მუშაობა შეაჩერა.
ერთ-ერთი კერძო კლინიკის მთავარი ექიმი მოჰამედ დინ ნარევალი ამბობს, რომ ჰელმანდის პროვინციაში ავღანეთის საჰაერო ძალებმა მათი კლინიკის შენობაც დაბომბეს, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ ამ დაწესებულებაში თალიბანის დაჭრილ მებრძოლებს მკურნალობდნენ. მთავარი ექიმის განცხადებით, იქ ნამდვილად არ იყვნენ თალიბანის მებრძოლები, ეს შეცდომა იყო. 40 თანამშრომლიდან იმ მომენტში კლინიკაში მხოლოდ 6 ადამიანი იყო, ექიმები და ექთნები. მათგან 2 დაიჭრა.
30 ივლისს ქალაქ ჰერათში, სადაც სამთავრობო ძალებსა და თალიბანს შორის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა, ერთი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა.