იტალიურ როკ-ჯგუფ „მანესკინს“, რომელიც 2021 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გახდა, რომის მერმა უმასპინძლა და საჩუქარიც გადასცა.
კონკურსში გამარჯვების შემდეგ ჯგუფის პოპულარობა ევროპაში სწრაფად გაიზარდა. მუსიკალურ პლატფორმა „სპოტიფაიზე“ კი მათ ალბომს მილიონობით ადამიანი უსმენს.
ახალგაზრდა იტალიელებისგან შემდგარი როკჯგუფის „მანესკინის“ ევროვიზიის კონკურსზე გამოსვლა დიდი სენსაცია იყო.
კონკურსში გამარჯვების ნიშნად რომის მერმა ვირჯინია რაჯიმ ჯგუფს საჩუქრად ქალაქის სიმბოლოს, ძუ მგლისა და ლეკვების, მცირე ზომის რეპროდუქცია გადასცა.
ევროვიზიაზე გამარჯვების შემდეგ ისინი ევროპაში ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ.
როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი დამიანო დავიდი აღნიშნავს, მათ ბევრი ქვეყნის მხარდაჭერა ჰქონდათ.
მათ მუსიკაში ყურადღება გამახვილებულია სექსუალობისა და გენდერის საკითხებზე. ისინი, თავიანთი სიმღერებით საზოგადოებას შემწყნარებლობისკენ მოუწოდებენ და თითქოს შუალედს ეძებენ უდარდელ ცხოვრებასა და ფარულ ამბოხებას შორის.
ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ვიქტორია ანგელისი ამბობს, რომ ისინი უბრალოდ ერთობიან. რაც უნდათ, ის აცვიათ და როგორც უნდათ, ისე გამოიყურებიან.
მათ სურთ, დაანგრიონ ის სტერეოტიპები, რომლებიც სქესსა და მსგავს საკითხებს ეხება. ვიქტორიას ნორმალურად მიაჩნია, როდესაც ადამიანს ის აცვია, რაშიც კომფორტულად გრძნობს თავს. ისინიც სწორედ ამას აკეთებენ.
როკ-ჯგუფი „მანესკინი“ შვედური პლატფორმა „სპოტიფაის“ რეიტინგებში პირველ ადგილზეა, მათი წინა ალბომის სიმღერებს კი 7 მილიონი ადამიანი უსმენდა.