პროექტი „ვინ ვინ არის“, რომელიც 2020 წელს შეიქმნა, ფეისბუკზე ყალბი ანგარიშების აღმოჩენაზე მუშაობს. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა საეჭვო ანგარიშების რაოდენობა. ისინი სხვადასხვა საინფორმაციო გამოცემის სტატუსების ქვემოთ წერენ კომენტარებს და უმეგობრდებიან იმ მომხმარებლებს, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგო სტატუსებს აქვეყნებენ. როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, ისინი ამ გზით ცდილობენ ე.წ. „ოპოზიციურ ბაბლში“ შეჭრას.
„ისინი გამოირჩევიან ოპოზიციური მესიჯბოქსითა და პროფილის ფოტოებზე შესაბამისი ჩარჩოებით. “კლასიკური” ბოტებისგან განსხვავებით, პროფილზე გაცილებით უფრო მაღალი და დახვეწილი აქტიურობით (სტატუსები, სტატიები, სიმღერები, ვიდეოები, სთორები და ა.შ.) ქმნიან რეალურობის ილუზიას“, – აღნიშნავენ პროექტის ავტორები.
ამ ანგარიშების მფლობელები განსაკუთრებით გააქტიურდნენ 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ. ისინი გამოირჩევიან მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიით და აქტიურად იღებენ მონაწილეობას ანტივაქსერულ მოწოდებებში.
ცვლის თუ არა კომენტარები საზოგადოებრივ აზრს და შეუძლიათ თუ არა ტროლებსა და ბოტებს რეალობის ილუზიის შექმნა, ამაზე უფრო ვრცლად სოფო გელავა გაგვესაუბრა.
„ტროლს და ბოტს შორის განსხვავება უნდა ვიცოდეთ. ძალიან ხშირად დღეს მათ სინონიმებად გამოიყენებენ. ორივე ყალბი ანგარიშია, თუმცა ტროლის შემთვევაში ანგარიშს მართავს უშუალოდ ადამიანი, ხოლო ბოტი არის ტექნიკური საკითხი. ეს არის ყალბი ანგარიში, რომელიც მესიჯებს აგზავნის გენერირებულად კომპიუტერის მიერ, წინასწარ არის შემუშავებული და თითოეული ბოტის უკან ერთი ადამიანი არ დგას.
ბოტები ერთიანდებიან ბოტნეტებში და ბევრ ბოტს ერთად აუცილებლად მართავს კონკრეტული ადამიანი, რომელიც წინასწარ ქმნის გზავნილს, ავრცელებს და შექმნის ისეთ დღის წესრიგს, რომ გავრცელდეს არამხოლოდ ერთ პლატფორმაზე, არამედ სხვადასხვა სოციალურ მედიაში, სხვადასხვა პოსტის ქვეშ. დღეს ქართულ სოციალურ ქსელში უფრო მეტად ვხდებით ტროლებს.
ტროლების მიზანია შექმნან ილუზია, რომ თითქოს ისინი არიან ბევრნი და წინასწარ შედგენილი გზავნილით შექმნან ილუზია, რომ ეს გზავნილია დომინანტური. ჩვენი ფსიქოლოგია მოწყობილია ისე, რომ როდესაც ვხედავთ, რომ ისეთი აზრია გავრცელებული რომელსაც არ ვეთანხმები და ვხედავ რომ ამას წერს ყველა, მაგრამ ილუზიურია ეს ყველა, მიკვდება სურვილი დისკუსიაში შესვლის და ჯანსაღი დისკუსიის შექმნაში ტროლები უშლიან ხელს“, – აღნიშნავს სოფო გელავა.