მთავარიUnreported Europeდააბრუნებს თუ არა ველოსიპედების ფრანგული ინდუსტრია წარმოებას ევროპაში?

დააბრუნებს თუ არა ველოსიპედების ფრანგული ინდუსტრია წარმოებას ევროპაში?

დახურული მაღაზიები, გასაყიდად გამზადებული დალუქული სახლები – ათწლეულების განმავლობაში წარმოების დაბალი ხარჯის მქონე ქვეყნებში გადატანამ საფრანგეთის ბევრი რეგიონი დააზარალა. საწარმოების ადგილზე პატარა ქალქებში მხოლოდ უნაყოფო მიწები დარჩა, როგორც მაგალითად,  ქალაქ რევენში. მაგრამ ჰორიზონტზე იმედი გაჩნდა – ველოსიპედების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ საფრანგეთში ბრუნდება.

აზიაში წარმოების გადატანის ტენდენციამ  ევროპულ ინდუსტრიას დიდი დარტყმა მიაყენა. შეუძლია თუ არა ევროკავშირს, გადაარჩინოს ევროპული წარმოება და სამუშაო ადგილები? მოდით, ეს საფრანგეთის არდენის რეგიონში გავარკვიოთ.

ევროკავშირს შეუძლია, ებრძოლოს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. მრეწველობის დასაცავად ევროკომისამ გარკვეულ სექტორებში ანტიდემპინგური ტარიფები შემოიღო. რევენის მერი და მუნიციპალური ასოციაციის პრეზიდენტი დაცვის ამ მექანიზმს მიესალმებიან.

ბერნარ დეკენსი, მუნიციპალიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი:

„ჩემი აზრით, თავი უნდა დავიცვათ, ფაქტია, რომ აღარ შეიძლება ასე გაგრძელება, რომ ჩვენი ინდუსტრია ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას მივყიდოთ.“

დანიელ დიურბეკი, რევენის მერი:

“80-იან და 90-იან წლებში რევენის მოსახლეობა 12 500-ს  სულს შეადგენდა. დღე მისი რიცხვი მხოლოდ 6 ათასია. ჩვენი მოსახლეობის ნახევარი დავკარგეთ. უმუშევრობის მაჩვენებელი 27 პროცენტი გვაქვს, ეს უზარმაზარი რიცხვია.“

ბერნარ დეკენსი, მუნიციპალიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი:

„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რომ ფრანგული ველოსიპედის ისტორიული ბრენდი Mercier სამხრეთ-აღმსოავლეთი აზიიდან უკან ბრუნდება და რევენში დაფუძნდება. ეს ნიშნავს, რომ არდენის რეგიონში ინდუსტრია არ მომკვდარა და შესაძლებელია, რომ კომპანია, რომელმაც წლების წინ წარმოება საზღვარგარეთ გაიტანა, დაბრუნდეს და საფრანგეთში აწარმოოს.“

კომპანია წელიწადში მილიონი ველოსიპედის წარმოებას გეგმავს, საქმიანობას კი მომავალ წელს დაიწყებს. ეს გეგმა რომ განხორციელდეს, ფრანგი და ევროპელი გადასახადების გადამხდელები 11 მილიონი ევროს სუბსიდიას გაიღებენ. მაგრამ ზოგიერთი ნაწილი ისევ აზიაში დამზადდება, ამიტომ აირჩა წარმოებისთვის  ადგილი, რომელიც როტერდამისა და ანტვერპენის პორტებთან ახლოსაა.

მარილინ ლე მაუ, არდენის განვითარების პროექტის მთავარი მენეჯერი:

“ჩვენ ახლოს ვართ დიდ ევროპულ ქვეყნებთან, ეს არის კარიბჭე ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპასთან, სადაც 110-მილიონიანი მოსახლეობის ბაზარია.“

ველოსიპედის ქარხანა 270 ადამიანს დაასაქმებს რევენში Revin. ადგილობრივი დასაქმების სააგენტოში უკვე ასობით განაცხადი შევიდა, მათ შორის ერთი სტეფანისაა. იგი ღია კარის დღეს ესწრება, აქ მას სამუშაოზე აყვანის ინოვაციურ მეთოდს აცნობენ. სამუშაოს მაძიებელთა უნარებს სიმულაციური ტესტით ცდიან, მაგალითად, შედუღებაში.

სტეფანი ჟოდარი, სამუშაოს მაძიებელი:

“ბევრი ხალხი წავიდა უმუშევრობის გამო. ადრე რევენი საკმაოდ მჭიდროდ იყო დასახლებული, მაგრამ ახლა თითქმის არავინ დარჩა. ქარხნის გახსნა ძალიან ბევრ ადამიანს დააბრუნებს.“

დასაქმების მსურველთაგან ბევრს ახსოვს ეს ადგილი, სანამ გაუდაბურდებოდა. როდესაც ის ქარახანა დაიხურა, სადაც მაიკლი მუშაობდა, მისთვის სამუშაოს ძებნის უსასრულო გზა დაიწყო.

მაიკლ ბრიოსო, დასაქმების მსურველი:

„თუ გავითვალისწინებთ, რომ რევენში ვცხოვრობ, ეს ჩემთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება, თუ სამსახურს აქ ვიშოვი. აღარ მომიწვეს წინ და უკან სიარული. სტაბილური სამსახურს პოვნა მინდა. ახლა ძირითადად დროებითი სამსახურები მაქვს. ერთი კვირა აქ ვარ, მეორე კვირა  – იქ. ამას ცხოვრება არ ჰქვია.“

Mercier-ი ევროპაში მექანიკურ და ელექტროველოსიპედებზე გაზრდილ მოთხოვნას აკმაყოფილებს. მაგრამ მის ხელმძღვანელს, რომელიც საწარმოს საფრანგეთში დაბრუნებაზეა პასუხისმგებელი,  არ მოსწონს ის ანტიდემპინგური ტარიფები, რომლებიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებზეა დაწესებული.

ჟან-მარკ სეგეზი, ველოსიპედებისა და ელექტრომობილურობის ფრანჩაიზის ხელმძღვანელი:

„ანტიდემპინგური ტარიფები მხოლოდ ფასადია. ცოტა არ იყოს, რთულია ანტიდემპინგური ტარიფების მიღება მაშინ, როცა ჩვენი კომპონენტების 80 პროცენტს აზიაში აწარმოებენ. ჩემი აზრით, ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რამდენად შეგვიძლია წარმოების ევროპაში გადმოტანა – ანუ რამდენად დავარწმუნებთ გლობალურ დონეზე მწარმოებლებს, აზიელ მწარმოებლებს, რომ წარმოება ევროპაში, საფრანგეთში გადმოიტანონ.“

სენტ-ეტიენი ერთ დროს საფრანგეთის აყვავებული ველოსიპედების წარმოების ცენტრი იყო. 1920 წელს აქ ველოსიპედების ადგილობრივ ქარხნებში ათასობით მუშახელი იყო დასაქმებული. ჟოელმა ყველაფერი იცის ამ ქალაქის ინდუსტრიული წარსულის შესახებ, მის აღმასვლასა და დაცემაზე.

ჟოელ ვირისელი, სენტ-ეტიენის ხელოვნებისა და ინდუსტრიის მუზეუმის კულტურის მედიატორი

„1886 წელს  ბრიტანელმა ჩემპიონმა ველოსიპედისტმა დუნკანმა Duncan სენტ-ეტიენში თავისი ველოსიპედი ჩამოიტანა.  მას ძმები გოტიები კეთილად Gauthier შეხვდნენ. ძმები იარაღის წარმოების მექანიკოსები იყვნენ. ველოსიპედმა მათ შთაგონება გაუღვივა და პირველი „სენტ-ეტიენში დამზადებული“ ფრანგული ველოსიპედი შექმნეს. აქედან იწყება ქალაქის დიდი ინდუსტრიული ცხოვრება.“

ჟოელის მიხედვით, სენტ-ეტიენში უამრავი იდეა დაიბადა და პატენტი დარეგისტრირდა:

„ ახალი მექანიზმები გამოიგონეს, სიჩქარის გადასართავი ტექნიკა სენტ-ეტიენში გამოიგონეს 1911 წელს. 1920 წელი ნამდვილი ოქროს ხანა იყო ველოსიპედისთვის, მაგრამ 70-იან წლებში ეკონომიკური ცვლილებები მოხდა, წარმოება გაიტანეს და სენტ-ეტიენმა უცხოურ ქარხნებს კონკურენცია ვეღარ გაუწია.“

მაგრამ ერთი კარგი ამბავიც მოხდა. ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმა აქაური გამქრალი ინდუსტრია ისევ გააცოცხლა, როდესაც  ბავშვიანი ოჯახებისთვის ველოსიპედების წარმოება დაიწყო.

პატრიკ ფევრ-დუბო, EASY DESIGN TECHNOLOGY-ის თანადამფუძნებელი:

„ჩვენ მხოლოდ ადგილობრივებთან ვმუშაობთ, რაც დაგვეხმარა, რომ უფრო ცოცხალი და მოქნილი ვყოფილიყავით. ამას გარდა, თუ რამეს გადაკეთება გვინდა, უფრო ადვილია ადგილობრივ მუშახელთან ურთიერთობა, ვიდრე ელექტრონული ფოსტით ურთიერთობა – ან ჩინეთში წასვლა, რომ პროდუქტი იქაურ ქარხნებს დავამზადებინოთ.“

ტიბო ვიგნალი, EASY DESIGN TECHNOLOGY-ის გაყიდვების დირექტორი:

„ჩვენი მთავარი მიზანი ის არის, რომ ბაზარს საფრანგეთში დამზადებული ველოსიპედი ჩვენი კონკურენტების დაწესებულ ფასად შევთავაზოთ.  ჩვენი ველოსიპედები ადგილზე იწარმოება და  უწევთ 15 ათასი კილომეტრის გავლა და ორი ოკეანის გადაკვეთა  სატვირთო გემებით.”

 

ეს ახალი ევროპული ტენდენცია უზომოდ გაზრდილი ტრანსპორტირების გადასახადის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების და შეცვლილი სამომხმარებლო ქცევის დამსახურებაა, რასაც გონივრული მარკეტინგი და ახალი ინდუსტრიული ცოდნაც უწყობს ხელს.

იარლიყის „დამზადებულია ევროპაში“  წარმატება ჰანი მოჰამედისნაირ პროფესიონალებზეა დამოკიდებული.

ჰანი მოჰამედ შერიფი, მთავარი შემდუღებელი:

„ძალიან რთულია, რომ ალუმინი შეადუღო იმ ხალხისთვის, რომელსაც ეს ტექნიკა არ ესმის.  ეს ერთგვარი ხელოვნებაა. ძალიან სწრაფი უნდა იყო, ეს ძალიან რთულია.“

ისმის კითხვა: ველოსიპედების ინდუსტრიაში ეს ახალი მიმდინარეობა ბაზრის მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა, თუ ევროკავშირის მიერ დაწესებულმა ანტიდემპინგურმა ტარიფებმა?

აურელიენ ბონე, EASY DESIGN TECHNOLOGY-ის ტექნიკური დირექტორი:

„ანტიდემპინგური გადასახადები დაგვეხმარა, რომ წარმოების ადგილად ადგილობრივი ან მიმდებარე ქვეყნები შეგვერჩია.“

ტიბო ვიგნალი, EASY DESIGN TECHNOLOGY-ის გაყიდვების დირექტორი:

„საფრანგეთსა და ევროპაში ჩვენ კანონითა და ცნობილი ანტიდემპინგური ტარიფით ვართ დაცული, რომელიც აზიიდან ველოსიპედებისა და კომპონენეტების იმპორტს ზღუდავს. ეს იცავს ფრანგულ და ევროპულ ეკონომიკას იმ პროდუქციისგან, რომელიც ზოგიერთ დაბალხარჯიან აზიურ ქვეყნებში იწარმოება.“

მუნირი თავისი კარიერის შექმნას საფრანგეთში გამოცოცხლებული ველოსიპედების ინდუსტრიის იმედად აპირებს. ეს ახალგაზრდა ფრანგი ევროკავშირის ანტიდემპინგური წესების მნიშვნელობასაც აღიარებს.

მუნირ საჟრა,  EASY DESIGN TECHNOLOGY-ის თანამშრომელი:

“ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგია. ეს საშუალებას მოგვცემს, მეტი გავყიდოთ, რადგან საზღვარგარეთიდან ნაკლები იმპორტირებული პროდუქტი შემოვა.“

ზოგიერთი კომპანია მიესალმება ანტიდემპინგურ ტარიფებს, ზოგს კი არ მოსწონს, რადგან აზიიდან შემოტანილ კომპონენტებზე არიან დამოკიდებული.

მათი შეთანხმება, სავარაუდოდ, არ იქნება ადვილი.

ავტორი :  ჰანს ფონ დერ ბრელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend