საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა კვიპროსის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადესს უმასპინძლა. შეხვედრაზე მათ თურქეთის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები განიხილეს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კვიპროსის რესპუბლიკა კუნძულზე ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოა.
„კვიპროსის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრია და მას ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს. ევროპის ქვეყნები არასოდეს მიიღებენ კვიპროსის სეპარატისტულ ძალებს ევროკავშირში. მიუხედავად ამისა, როგორც თურქეთის ხელისუფლება, ისე კვიპროსის თურქული მმართველობა, კუნძულის გაყოფას კვლავ აგრძელებს“, – აცხადებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.
ნიკოს ანასტასიადისის თქმით, ის ყოველთვის მზადაა ჩაერთოს გაეროს მოლაპარაკებებში, თუმცა იგი ვეტოს გამოყენების უფლებასაც არ გამორიცხავს. კვიპროსის პრეზიდენტმა დაგმო თურქეთის მიერ ქალაქ ვაროშის დაკავება.
„თურქეთის ხელისუფლება უკანონოდ მხოლოდ კვიპროსისა და საბერძნეთის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ისინი იმავეს აკეთებენ ლიბიაში, სირიაში, ერაყსა და მთიან ყარაბაღში. მათი მენტალიტეტი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ეს ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, – აცხადებს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი.
ლიდერები აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მათ მხარესაა. ევროკავშირმა დაგმო თურქებისა და კვიპროსელი თურქების გეგმა, რომლის თანახმად, ისინი ვაროშის, მიტოვებული კურორტის, გახსნას აპირებენ. ანკარაში კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება კვიპროსთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ფლობს.