ტუნისში ქვეყნის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი რაშიდ განუში და მთავრობის სხვა მაღალი რანგის წევრები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პრეზიდენტის განკარგულებით, სამხედროებმა პარლამენტის შენობა ალყაში მოაქციეს და პარლამენტის სპიკერს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.
ვითარება დაიძაბა პარლამენტის შენობის წინაც, სადაც შეკრებილმა მომიტინგეებმა თავიანთი პროტესტი გამოთქვეს სპიკერის მიმართ, რომელიც ამავე დროს პრეზიდენტის ოპონენტია.
ტუნისის აღორძინების პარტიის მხარდამჭერებმაც გამოხატეს თავიანთი პროტესტი. მათი აზრით, ეს სამხედრო გადატრიალებაა.
ევროპელი ლიდერები კი შეშფოთებული არიან ტუნისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ადებარის განცხადებით, მისი მთავრობა მოლაპარაკებებს მართავს ტუნისის მთავრობის წარმომადგენლებთან. მისი განცხადებით, პრეზიდენტი კონსტიტუციის მე-80 მუხლს მიმართავს, რაც პარლამენტის მუშაობის შეჩერებას გულისხმობს. გერმანიაში მიაჩნიათ, რომ ეს მუხლი კონსტიტუციის ინტერპრეტაციის საკმაოდ ფართო საშუალებას იძლევა.
მთავრობის მიმართ უკმაყოფილება იზრდება კორონავირუსის პანდემიის მართვისა და ტუნისში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარების გამო, რაც ვნებათაღელვის კიდევ ერთი საბაბი გახდა ქვეყანაში. ტუნისში, სადაც 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 18 000 გარდაცვლილია. ეს მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.