„რეზოს“

რუსთაველის თეატრის სცენაზე გია ყანჩელისა და დმიტრი შოსტაკოვიჩის მუსიკა უკრავდა… ასე აღინიშნა საქართველოში, რეზო გაბრიაძის 85-ე დაბადების დღე. თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს ანდრეი ბორეიკო დირიჟორობდა. აუდიტორიის წინაშე კი წარდგნენ სოლისტები პოლინა ოსეტინსკაია და იულიან მილკისი. მაყურებლისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა გია ყანჩელის კომპოზიციების მოსმენა –  „წერილები მეგობრებს“. რეზო გაბრიაძე 29 ივნისს 85 წლის გახდებოდა.

ის აქ არის – თეატრის სცენაზე… თაყვანისმცემლების, კოლეგების და მეგობრების მეხსიერებაში…

„ეს იყო პატივისცემაზე, სიყვარულზე აგებული ურთიერთობა და მეგობრობა. ადამიანი უნდა ოცნებობდეს, რომ ისეთი მეგობარი ჰყავდეს, როგორიც რეზო გაბრიაძე იყო. მე ძალიან ვმეგობრობდი მასთან ბოლო წლებში, თუმცა ვიცნობდი ღრმა ბავშვობიდან. რაც მახსოვს თავი, მახსოვს რეზო გაბრიაძე და მისი ჯადოსნური სამყარო“ – ამბობს საღამოს ინიციატორი, მხატვარი სანდრო ყანჩელი.

რეზო გაბრიაძე გია ყანჩელის წერილებშიც არის… ეს მუსიკა და ფოტოები მათი მეგობრობის უტყუარი დასტურია. ისინი ერთად ქმნიდნენ ხელოვნების იმ საოცარ ნიმუშებს, რომლებმაც ასეთი დაუვიწყარი გახადა ორივე.

„რეზო გაბრიაძე და გია ყანჩელი, გია ყანჩელი და რეზო გაბრიაძე – ეს ის ორი გენიალური შემოქმედია, რომლებმაც ამ ქვეყანას სულ სხვა კულტურული სტატუსი დაუმკვიდრა მსოფლიოში. ისინი იყვნენ ორი მეგობარი, ორი თანამოაზრე, რომლებიც თავისი ნიჭიერებით, თავისი საოცარი შემოქმედებით თან ავსებდნენ ერთმანეთს და თან საოცარი მთლიანობას ქმნიდნენ“, – ამბობს მომღერალი ლიზა ბაგრატიონი.

რეზო გაბრიაძის 85-ე დაბადების დღისთვის რუსთაველის თეატრის სცენაზე მსოფლიოში ცნობილი არტისტები უკრავენ. აქ ყველაფერი რეზოს ეძღვნება…

„გია ყანჩელმა 2 წლის წინ დაგვტოვა, ახლა კი რეზო გაბრიაძეც დავკარგეთ. ძალიან ვისიამოვნე ამ კონცერტით. მათი გახსენება იყო ძალიან ლამაზი, სასიამოვნო წუთები. წლების განმავლობაში თბილისი იყო კულტურის ერთ-ერთი სივრცე, სადაც ასეთი დიდი არტისტები მოღვაწეობდნენ. არტისტები, რომლებსაც ჰქონდათ იუმორი, ირონია და ხალხის დიდი სიყვარული. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დღეს მათ გარეშე ვხვდებით, თუმცა ბედნიერებაა, რომ ისინი ჩვენ, ყველას გვახსოვს“, – თქვა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა.

და ბოლოს, არის უწყვეტი ტაში, ისევე, როგორც მის სიცოცხლეში…

ნანუკა მეშველაშვილი​

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend