ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირე სახელმწიფოების არმიების მიერ ავღანეთის ტერიტორიის დატოვების ფონზე თალიბანი ავღანეთის რაიონებს, ერთმანეთის მიყოლებით, იგდებს ხელთ.
თალიბანისთვის ავღანეთის ამჟამინდელი მთავრობისა და პრეზიდენტის ხელისუფლებაში დარჩენა მიუღებელია.
თალიბანის წარმომადგენელთა თქმით, მშვიდობა მაშინ დამყარდება, როდესაც დედაქალაქ ქაბულში ახალი, ყველასათვის მისაღები, მთავრობა ჩამოყალიბდება. თალიბანის პრესმდივანი, სუჰაილ შაჰინი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაციის მიზანი ძალაუფლების მონოპოლიზაცია არ არის.
„მე ხაზგასმით მსურს განვაცხადო რომ ჩვენი მიზანი ხელისუფლების მონოპოლიზაცია არ გახლავთ რადგან ეს შეუძლებელია ავღანეთში. ჩვენ წარსული შეცდომების გამეორება არ გვსურს“, – აცხადებს თალიბანის პრესმდივანი სუჰაილ შაჰინი.
თალიბანი ერთხელ უკვე მართავდა ავღანეთს და მათი მმართველობისას გატარებული პოლიტიკა და დაბრუნების პერსპექტივა ავღანეთის მოსახლეობაში შიშს იწვევს.
„ავღანეთის ამჟამინდელ მთავრობას ჩვენთან შერიგება არ სურს, მაგრამ ჩვენს შორის ზავით დაინტერესებულია. ეს არაპრაგმატული მიდგომაა და ჩვენ ამას არასოდეს დავთანხმდებით. ახალი მთავრობა ყველა ავღანელისთვის მისაღები უნდა იყოს“, – ამბობს სუჰაილ შაჰინი.
ავღანეთის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც შესაბამისი რესურსი გააჩნია სამშობლოს ტოვებს.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირე სახელმწიფოების ჯარების ავღანეთიდან გასვლის პროცესი კი დასასრულს უახლოვდება.