მთავარიამბებიბელარუსში ბოლო 10 დღეში 63 ჟურნალისტის სახლი გაჩხრიკეს

ბელარუსში ბოლო 10 დღეში 63 ჟურნალისტის სახლი გაჩხრიკეს

ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მათი ანგარიშები ძალოვანმა სტრუქტურებმა გაყინეს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ ოფიციალურ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნეს. მათი თქმით, ანგარიშებს ყადაღა ჩხრეკის შემდეგ დაადეს.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ბელარუსში მედიის 63  წარმომადგენლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. სავარაუდოდ დაკავებულია 34-მდე ჟურნალისტი.

ჟურნალისტების მასშტაბური დევნა ბელარუსში 8 ივლისს დაიწყო, როდესაც ძალოვნები შეიჭრნენ გამოცემა „ნაშა ნივას“ ოფისში, დაბლოკეს მათი ვებგვერდი, დააკავეს რამდენიმე თანამშრომელი და მათ შორის მთავარი რედაქტორი. გასულ კვირას ბელარუსი სამართალდამცველები მივიდნენ რამდენიმე რეგიონულ და კერძო მედიაორგანიზაციაშიც. მათ გაჩხრიკეს  ოფისები და დაკითხეს ჟურნალისტები.

გარდა ამისა, გაჩხრიკეს ბელარუსში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა სახლები და დააკავეს დაახლოებით 20-მდე უფლებადამცველი და აქტივისტი.  დაკავებულ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს ბრალს სხვადასხვა მუხლით უყენებენ, მათ შორის არის ტერორიზმი, მასობრივი არეულობების წახალისება, იარაღის უკანონო შენახვა და გადასახადებისგან თავიდან აცილება.

დამოუკიდებელი მედიისა და ტელეგრამარხების დაპირისპირება ბელარუსში ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოს დაიწყო, როდესაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ლუკაშენკო მეექვსედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. დასავლეთის ქვეყნებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს და განაცხადეს, რომ არჩევნები არ იყო გამჭვირვალე და თავისუფალი. ქვეყანაში დაიწყო მასობრივი აქციები, რომლებიც ჩაახშეს ძალოვანმა სტრუქტურებმა. დაპირისპირების დროს დაშავდა ათასობით ადამიანი, ასობით კი დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend