მთავარი ევროპა კვიპროსი ვაროშა - ქალაქი მოჩვენება

ვაროშა – ქალაქი მოჩვენება

ბერძენი მწერალი ნიკოს კაზანძაკისი კვიპროსზე მდებარე საკურორტო ქალაქ ვაროშას მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად მიიჩნევდა.

სამწუხაროდ, იმავეს ვეღარ ვიტყვით დღეს. წერენ, რომ 1974 წლის სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაცლილი ვაროშა მოჩვენებათა ქალაქს დაემსგავსა. თუმცა ადგილობრივები, რომლებმაც თავიანთი სახლები დიდი ხნის წინ დატოვეს, იმედს არ კარგავენ, რომ მოვა დრო და მიტოვებულ საცხოვრებლებს დაუბრუნდებიან.

47 წლის წინ ფამაგუსტის მცხოვრებლები იძულების წესით თავიანთი სახლებიდან და წინაპრების მიწებიდან გააძევეს. მას შემდეგ ამ მიწაზე ფეხი არ დაუდგამთ არც კვიპროსელ ბერძნებს და არც კვიპროსელ თურქებს. თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტმა ვაროშაში, სადაც მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა, ფამაგუსტელებს გაერთიანებულ კუნძულზე დაბრუნების იმედი დაუკარგა.

ადრე აქაურობა თუ იდეალურად გვეჩვენებოდა, ახლა თითქოს დრო გაჩერდა. გარშემო დაცარიელებული, გაუდაბურებული ადგილები და დანგრეული შენობებია, დაჟანგებული ნივთებით. ეს მტკივნეული სანახავია ადგილობრივებისთვის, მაგალითად, პავლოს იაკოვუსთვის. მის ოჯახს აქ 1948 წლიდან სასტუმრო ჰქონდა, თუმცა 1974 წელს ისინი იძულებული გახდნენ, ყველაფერი მიეტოვებინათ და გაქცეულიყვნენ.

პავლოს იაკოვუსთვის მტკივნეულია, როდესაც მშობლიურ ქალაქში ტურისტად ჩამოდის და ამისთვის ნებართვა სჭირდება.  იმ სანაპიროზე გასასვლელად კი,  სადაც მთელი ბავშვობა აქვს გატარებული, ახლა დოკუმენტების წარდგენა უწევს, რაც ძალიან საწყენია.

ნიკოს კარულასი 12 წლის იყო, როდესაც მის ოჯახს ვაროშას დატოვება მოუწია.  დღეს იგი სამშობლოს გამთლიანებისა და დაბრუნების იმედით ცხოვრობს. მისი აზრით, ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ადრე იყო. მისი თქმით კი, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ფამაგუსტელები ამ პრობლემის წინაშე, ფაქტობრივად, მარტო დარჩნენ. რთული მდგომარეობაა და არავინ იცის, ემოცია გაიმარჯვებს თუ საღი აზრი.

ნიკოსმა სანაპირო დაგვათვალიერებინა, სადაც იგი თავის ძველ მეგობარს, კვიპროსელ თურქს შეხვდა. ჰასანს  მიაჩნია, რომ თუ დააცდიან, კვიპროსის მოსახლეობას თავად შეუძლია მშვიდობიანად უკეთესი მომავლის შექმნა.

ცნობილი ბერძენი მწერალი ნიკოს კაზანძაკისი ფამაგუსტის შესახებ ამბობდა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი იყო. მას ძალიან სურდა, სიკვდილამდე კიდევ ერთხელ ჩასულიყო კუნძულზე. ნიკოს კაზანძაკისის ეს ფრაზა ზუსტად გადმოსცემს იმ გრძნობას, რომელსაც ვაროშელები განიცდიან.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend