მთავარისაქართველოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ,, ჯარის ქალაქის” მშენებლობა დაათვალიერა, რის შემდეგაც მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის  განცხადებით, ქართული სასამართლო დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით,  წინ უსწრებს ევროკავშირის  ბევრ ქვეყანას.

„უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებაში, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით და ა.შ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, როცა მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა სასამართლოში, რომლის შედეგად ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული სასამართლოში. ჩვენ გვახსოვს კარგად, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით, 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არასოდეს მომისმენია არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სასამართლო რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი, რომელიც არ მთავრდება ერთ ან ორ დღეში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი. ჩვენ რაც გავაკეთეთ რვა წელში, ეს არის როგორც დღე და ღამე. იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი.

მეორე – ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. სანდოობის მხრივ, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან სასამართლოს მიმართ, ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს გარკვეული კითხვები და გარკვეული გაუგებრობა შეიქმნას. მე ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ მთავარ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ამას სჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლების პროტესტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ  ყველა, ვინც ტელეკომპანია პირველის ოპერატორის გარდაცვალებით სპეკულირებს, სააკაშვილსა და მის რადიკალურ ჯგუფს წარმოადგენს.

„მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, რომ ხალხი ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური აქტი. მე მინდა მოგისამძიმროთ ყველას თქვენი კოლეგის გარდაცვალება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის, ყველასთვის, მაგრამ უდიდესი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე. სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა – ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ნაწილის უკვე პირდაპირ ჩაბმა ამ პოლიტიკურ კამპანიასა და აქციებში, რა თქმა უნდა არ აისახება კარგად მედიაგარემოზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ჩვენ – მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ – ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ და ჩვენთან მედიათავისუფლება გარანტირებულია. ჩვენთან 2 კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახსნას ტელევიზია და მედიამ დაიწყოს ოპერირება საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების და მუშაობის საშუალება. რაც შეეხება 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებს, ღარიბაშვილის თქმით, მათ მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიებენ. ,,ჯარის ქალაქის” მშენებლობის პრეზენტაციაზე ,,მთავარი არხის” ,,ფორმულას” და ,,ტვ პირველის” ჟურნალისტები არ შეუშვეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ტელეკომპანიებმა ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend