ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე, მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრები იტალიასთან დამარცხდა, სოციალურ ქსელში დაიწერა ძალიან ბევრი კომენტარი, რომელთა ავტორებიც რასისტულ კომენტარებს უწერდნენ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს.
ფეხბურთთან დაკავშირებული დანაშაულის მთავარმა გამომძიებელმა მარკ რობერტსმა განაცხადა, რომ განიხილავენ თითოეულ საჩივარს, რომლებიც მათ რასიზმის მიზეზით გაეგზავნათ. „თუ დავადგენთ, რომ თქვენ ჩაიდინეთ ეს დანაშაული, მოგძებნით და პასუხს აგებთ ამ სამარცხვინო ქმედებაზე“, – განაცხადა მარკ რობერტსმა.
რობერტსის თქმით, პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს სოციალური ქსელის ადმინისტრაციასთან, რომელიც იმ მომხმარებლების შესახებ აწვდის მონაცემებს, რომლებიც რასისტული შინაარსის სტატუსებს აქვეყნებენ. მათივე ინფორმაციით, „ევრო 2020-ის“ დასრულების შემდეგ ტვიტერზე დაახლოებით 2 ათასი რასისტული ტვიტი დაიწერა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კომპანია ფეისბუკის ადმინისტრაცია, რომელიც აღნიშნავს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში მან წაშალა 25 მილიონი კომენტარი და სტატუსი, რომლებიც „სიძულვილის ენას“ შეიცავდა.
დაკავებები ინგლისის რამდენიმე რეგიონში განხორციელდა. დაპატიმრებულთა შესახებ ჯერჯერობით მწირი ინფორმაციაა, თუმცა ცნობილია, რომ ხუთივე მათგანი სრულწლოვანი მამაკაცია. დაკავებულებს ბრალდება სხვადასხვა მუხლით წარუდგინეს, მათ შორის არის მავნე კომუნიკაციების შესახებ კანონის დარღვევა და რასობრივი სიძულვილის აღძვრის მცდელობა, რომელიც 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრიტანეთში პოლიტიკოსებმა, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, ამ კომენტარების გამო შეშფოთება გამოთქვეს. პეტიციების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ვებგვერდ Change.org-ზე მილიონზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა, რომ რასისტულ ქმედებებში ბრალდებულ პირებს სამუდამოდ აეკრძალოთ ინტერნეტით სარგებლობა და ინგლისის ნაკრების თამაშებზე დასწრება.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბრიტანეთში 11 ივლისს 900-მდე სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ფეხბურთთან დაკავშირებულ საქმეზე ჩხუბის, ვანდალიზმისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 265 ადამიანი დააკავეს.
ინსტაგრამის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ტექნოლოგიის ალგორითმში გარკვეული პრობლემები იყო. მისი თქმით, რასისტული კომენტარები, რომელიც ინგლისის ნაკრების კონკრეტულ 3 ფეხბურთელს ეხებოდა, ალგორითმმა წესებთან შეუსაბამობად ვერ აღიქვა და ამიტომ არ გადაეცათ მოდერატორებს წასაშლელად.
თავად ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ბუკაიო საკამ, რომლის მისამართითაც დაიწერა მსგავსი სტატუსები, ტვიტერისა და ფეისბუკის ადმინისტრაციას მიმართავს ღია წერილით, რომელშიც აღნიშნავს, რომ მას არ სურს, რომელიმე ბავშვმა და ზრდასრულმა ნახოს ის გულდასაწყვეტი და შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომლებიც მან და მისმა კოლეგებმა მიიღეს. „ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენი პლატფორმები არ აკეთებენ საკმარისს იმისათვის, რომ შეაჩერონ ეს სიძულვილი“, – აღნიშნავს ფეხბურთელი.
— Bukayo Saka (@BukayoSaka87) July 15, 2021