მთავარი ამერიკა აშშ ბრიტნი სპირსის მხარდამჭერებმა აშშ-ში მსვლელობა გამართეს

ბრიტნი სპირსის მხარდამჭერებმა აშშ-ში მსვლელობა გამართეს

ლოს-ანჯელესის ოლქის უზენაესმა სასამართლომ მომღერალ ბრიტნი სპირსს მასზე მეურვეობის საქმეზე საკუთარი ადვოკატის აყვანის უფლება მისცა.

ახლა მომღერლის იურიდიულ ინტერესებს ადვოკატი მეთიუ როზენგარტი დაიცავს. მან უკვე განაცხადა, რომ მისი მიზანი მომღერლის მეურვეობისგან გათავისუფლება იქნება.

23 ივნისს ბრიტნი სპირსმა 2 წლის განმავლობაში პირველად მისცა ჩვენება სასამართლოს და მამის მეურვეობისგან გათავისუფლება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ მას მუშაობას აიძულებენ და დაორსულების ნებას არ აძლევენ. მომღერლის ადვოკატებს მისი ახალი მოთხოვნები იურიდიულად ჯერ არ გაუფორმებიათ.

15 ივლისს ბრიტნი სპირსის ფანებმა აშშ-ის ქალაქების ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და კონგრესს ქვეყანაში მეურვეობის სისტემის რეფორმა მოსთხოვეს.

მსვლელობა ვაშინგტონში, ლოს-ანჯელესსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში გაიმართა. მარში მოეწყო საზღვარგარეთაც.

„ამ საპროტესტო აქციების სახე ბრიტნი სპირსი იმიტომაა, რომ იგი ცნობილი ადამიანია. რეალურად, ეს პრობლემა არაერთ ადამიანს აწუხებს. ჩვენ გამოვთვალეთ, რომ მსგავსი ძალადობის მსხვერპლი წელიწადში 10 000 ადამიანია. მათზე არავინ არ ლაპარაკობს ახალ ამბებში“,  – ამბობს აქციის მონაწილე რიკ ბლექი.

ბრიტნი სპირსი თავისი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებთან პრობლემების გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. სასამართლოში მან აღნიშნა, რომ კლინიკაში თავისი სურვილის წინააღმდეგ მოათავსეს. მეურვეებს სრული კონტროლი აქვთ მომღერლის ცხოვრებასა და ფინანსებზე.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend