მთავარი საქართველო წერილი ელჩებისგან

წერილი ელჩებისგან

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების ელჩები მთავრობის წარმომადგენლებს მიმართავენ.

წერილი, რომელსაც 25 ქვეყნის ელჩი აწერს ხელს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზეა, ასლები კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძესაც გაეგზავნათ.

წერილში ელჩები აღნიშნავენ, რომ თბილისის ქუჩებში ძალადობის ფაქტებმა ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს. ასევე, ტექსტში ხაზგასმულია ისიც, რომ წერილის ხელმომწერებს საგანგაშოდ მიაჩნიათ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის შებღალვა, რადგან ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ეფუძნება.

5 ივლისის მოვლენები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს, ისევე, როგორც საქართველოს იმიჯს – ეს არის ის გზავნილი, რომელიც დღეს, 15 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის სახელმწიფოსგან მიიღო. წერილში დიპლომატები წუხილს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობით აღნიშნავდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. განცხადების მიხედვით, დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ამ წერილს ოპოზიციაში ეხმაურებიან.

„უმძიმესი წერილია, გულწრფელად გეტყვით ახლა, მე ამ სიტუაციაში, გომელაურს ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, არ ვიცი, ალბათ, არ აქვს, მე აღარ დავრჩებოდი თანამდებობაზე. პირდაპირ რომ გეუბნება ევროკავშირი და ყველა შენი მეგობარი ქვეყანა, რომ შენ ვერ დაიცავი ვერც ერთი პუნქტი კონსტიტუციის. მე მგონი ჩვენ, ყველას ერთად, ლექსოსთან ერთად, ახლა რაღაცნაირად გლოვა გვაქვს იმიტომ, რომ ქვეყანას ვკარგავთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან გაკეთდა ძალიან მწვავე და ძალიან პირდაპირი განცხადება იმ ძალადობასთან დაკავშირებით და „ქართული ოცნების“ როლთან დაკავშირებით ამ ძალადობაში და ამიტომაც ამას უკვე შემდეგ ნაბიჯად მოჰყვება პერსონალური სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობის დაგეგმვასა და ამ ყველაფრის წახალისებაში“, – თქვა „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ელჩების პოზიცია გასაგებია, რადგან ძალადობას ყველა გმობს და რაც მოხდა 5 ივლისს არის დიდი სირცხვილი მთლიანად ქვეყნისთვის.

„5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩების პოზიცია არის გასაგები, იმიტომ, რომ ძალადობას ვგმობთ ყველა და ის, რაც მოხდა 5 ივლისს თბილისის ქუჩებში ეს, რა თქმა უნდა, არის დიდი სირცხვილი მთლიანად ქვეყნისთვის. არამხოლოდ რომელიმე მხარისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის იმიჯი დაზიანდა და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის გზა, რომელიც ჩვენ ევროპასა და ევროკავშირში მიგვიყვანს. აქედან გამომდინარე, ვიზიარებთ ამ პათოსს, ასევე იმ სულისკვეთებას, რომ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა იყო ასევე აღმაშფოთებელი ფაქტი და, შესაბამისად, სწორედ ჩვენი, „ქართული ოცნების“, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დააბრუნა ის დროშა თავისივე ადგილას მეორე დილით. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომ ისინი ითხოვენ მოძალადეების დასჯას, ამაზე სახელმწიფო უკვე მუშაობს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

წერილში დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამავდროულად ავტორები ყველა მხარეს მოუწოდებენ, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და ისეთი ქმედებებისგან შეიკავონ თავი, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend