მილანის ისტორიულ საცურაო აუზზე ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება, ლა-სკალას საბალეტო დასის მიერ დადგმული წარმოდგენა გაიმართა. ლა-სკალას დასი ჩრდილოეთ იტალიურ ქალაქებში ტურნეს მართავს. ოპერის წარმომადგენელთა თქმით, ტურნეს მიზანი ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებაა.
მილანში ლა-სკალას საბალეტო დასი მაყურებლის წინაშე ღია ცის ქვეშ წარდგა. ღონისძიებაზე ვერდის, როსინის, პუჩინისა და სხვა კლასიკური კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. ლა-სკალას დასი კონცერტების ჩატარებას სხვა იტალიურ ქალაქებშიც გეგმავს.
„ძალიან მომწონს ლა-სკალას ეს ინიციატივა. ეს არის უნიკალური შანსი ჩემნაირი ადამიანებისათვის, რომელთაც არ აქვთ ლა-სკალას ოპერის თეატრში ბილეთების ყიდვის საშუალება და სურთ ამ პრესტიჟული წარმოდგენის ნახვა“, – ამბობს მილანელი რიტა.
„ჩვენ გაგვიჩნდა იდეა, წარმოდგენები ოპერის დარბაზის გარეთაც გაგვემართა. ვფიქრობდით, რომ პანდემიის შემდეგ ჩვენს სპექტაკლზე დასწრება არა მარტო მილანელებს, არამედ ქალაქგარეთ მცხოვრებ ადამიანებსაც უნდა შესძლებოდათ“, – ამბობს ლა-სკალას ოპერის დირექტორი დომინიკ მაიერი.
პროგრამაში ასევე შესულია ცნობილი არგენტინელი კომპოზიტორის ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები. პიაცოლას დიდი წვლილი მიუძღვის ტანგოს მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. დასი მისი დაბადების ასი წლისთავს აღნიშნავს.