მთავარი სპორტი კლუბ „ბასკონიის" საკალათბურთო კემპი თბილისში

კლუბ „ბასკონიის” საკალათბურთო კემპი თბილისში

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ საკალათბურთო კლუბ „ბასკონიას“ შორის თანამშრომლობა გრძელდება.

თბილისის ვერის საკალათბურთო დარბაზში „ბასკონიის” საკალათბურთო კემპი მიმდინარეობს. საქართველოში მოქმედი საკალათბურთო სკოლებიდან 135 ახალგაზრდა კალათბურთელი იღებს მონაწილეობას. მათთან სამი ქართველი და სამი ესპანელი მწვრთნელი მუშაობს. პანდემიის გათვალისწინებით, 2021 წლის კემპი განსხვავებული სისტემით ტარდება.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ამბობს, რომ წინა წლებში კემპი „ბასკონიაში” იმართებოდა, სადაც დაახლოებით 20 ბავშვი მიდიოდა.
„მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, წელს ასე არ იქნება. წელს სამდღიანი კემპი თბილისში გაიმართება. შესაბამისად, იმ ბავშვებს, რომლებიც ესპანეთში გაემგზავრებიან, ესპანელები სწორედ აქ შეარჩევენ.“

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ კლუბ „ბასკონიასთან“ ხუთწლიანი თანამშრომლობის შეთანხმება 2015 წელს გააფორმა. ახლა კი მხარეებს შორის კიდევ ხუთი წლით გაგრძელდება თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში „ბასკონიის” საკალათბურთო სკოლის გახსნა იგეგმება.

ესპანური კორპორაცია „სასკი ბასკონიას“ გენერალური დირექტორი ხესუს ვასკესი აღნიშნავს, რომ პირველი 5 წელი ძირითად სამუშაოს დაეთმო.

„მომდევნო 5 წელი კი ჩვენი მეთოდოლოგიითა და ფილოსოფიით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართული კალათბურთი მომდევნო, ახალ საფეხურზე ავიდეს. ფინანსურ მხარეს მთლიანად ჩვენს თავზე ავიღებთ, რათა ერთად დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და „ბასკონიას” აკადემიის სახით, საქართველოს ერთი კარგი საკალათბურთო სკოლა შევმატოთ.”

სამდღიანი კემპი 13 ივლისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება, რის შემდეგაც ესპანელები იმ საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ მოთამაშეებს შეარჩევენ, რომლებიც ესპანეთში გაემგზავრებიან.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend