დასავლეთ გერმანიაში ქალაქ კელნის მშვიდ შემოგარენში მდებარე წმინდა პანკრატიუსის ეკლესიის წინ ამაყად ფრიალებს ცისარტყელას ორი დროშა, რომელიც ლგბტ თემის სიმბოლოს წარმოადგენს.
ეს ეკლესია ერთ-ერთია იმ ასიოდე ეკლესიიდან, რომლებმაც გასული წლის მაისში ე.წ. „სიყვარულის გამარჯვების“ დღეს საჯაროდ აკურთხეს ერთი და იმავე სქესის წყვილები.
კარინისა და მისი ცოლის ბრიტას კავშირიც აქ დალოცეს. ამას დიდხანს ელოდნენ, ამბობს კარინი.
კარინ ჰორსტმანი:
„ჩემს ცოლთან 20 წელია ვცხოვრობ. გასულ წელს სამოქალაქო ქორწინება გავაფორმეთ, 2008 წელს კი პარტნიორობა დავარეგისტრირეთ, გარდა ამისა, დაგვლოცა კათოლიკე მღვდელმაც, რომელსაც იმ დროს მსახურების უფლება შეჩერებული ჰქონდა. თუმცა, რასაკვირველია, ეს ყველაფერი საიდუმლოდ მოხდა. რწმენა ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ დიდი შთაბეჭდილები ქვეშ ვართ, სულის სიღრმემდე შეძრული ვართ, რომ ამის დამალვა აღარ გვიხდება. ეს უდიდესი სიხარულია და უზარმაზარი წინ გადადგმულია ნაბიჯია, რომელიც რომს გვაშორებს. რომი ხომ ასე გვჩაგრავდა, უარგვყოფდა და კურთხევას არ გვაძლევდა.“
წმინდა პანკრატიუსის ეკლესიის წინამძღვარი ვოლფგანგ ფეი, რომელიც ჰომოსექსული წყვილების კურთხევის მომხრეა, ფიქრობს, რომ ოჯახის მორალი შეიცვალა და ეკლესიამ ეს უნდა გაითვალისწინოს:
ვოლფგანგ ფეი:
„ჩემს ბავშვობაში ოჯახი შედეგებოდა მამის, დედისა და ბავშვისგან. ეს იყო ოჯახი, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა. შეგიძლია, ორი მამა ან დედა, ან მარტოხელა მშობელი გყავდეს. ახლა ოჯახი შერეულია. კურთხევა ცხოვრებისა და პასტორებისთვის საკვანძო საკითხია. მღვდელი ხალხის ნაწილია. ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება, როგორ ცხოვრობს ხალხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა არის რეალური ცხოვრება და ხალხთან ერთად ვიცხოვროთ!“
ვატიკანის დოქტრინის მიუხედავად, ჰომოსექსუალური კავშირის კურთხევა გერმანიაში მიმდინარე რეფორმატორული მოძრაობის ერთ-ერთი ნაწილია. უკმაყოფილება ძირითადად პედოფილიის ირგვლივ აგორებულმა რამდენიმე სკანდალმა გამოიწვია.
კელნის არქიეპისკოპოსი კარდინალი ვოეკლი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს იმის გამო, რომ მან თავის ეპარქიაში სამღვდელოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ამსახველი 800-გვერდიანი ანგარიშის გამოქვეყნება დააყოვნა. გერმანელი კათოლიკეები ასეთი აღშფოთებული არასოდეს ყოფილან.
კელნის ადმინისტრაციული სასამართლოს შენობაში განთავსებული კათოლიკური ეკლესიის ოფისში ყოველდღე უამრავი ხალხი ითხოვს კათოლიკური ეკლესიიდან გასვლას.
კათოლიკურ ეკლესიაზე უარის თქმის სურვილი იმდენად დიდია, რომ ერთხელ განცხადებების მიმღებ ოფისში სერვერი მწყობრიდან გამოვიდა.
მაურიც შტეინბახი, კელნის საოლქო სასამართლოს პრესმდივანი:
„ამის გამო შეხვედრების რიცხვი გავზარდეთ. ადრე თვეში 600 მსურველს ვხვდებოდით, ახლა ეს რიცხვი 1800-ია.“
გერმანიაში ყველა რელიგიის მიმდევარი ვალდებულია, საკუთარ რელიგიურ ინსტიტუტს გადასახადი გადაუხადოს. ამას საგადასახადო სამსახური აკონტროლებს. თუმცა ბოლო რამდენიმე სკანდალის შემდეგ, სულ უფრო მეტი კათოლიკე ტოვებს ამ ეკლესიას.
კრისტინა ფიშერი, მრევლის ყოფილი წევრი:
„ეს აღარ არის ჩემთვის მისაღები. ეკლესია ჩემგან ვეღარ მიიღებს მხარდაჭერას ან ფულს.“
დორისი კათოლიკურ ეკლესიაში მრავალი წელი მსახურობდა. ერთი წლის წინ ეკლესია დატოვა. მან მოღვაწეობა ქრისტიანულ მოძრაობაში გააგრძელა, რომელსაც „მარია 2.0“ ეწოდება. იგი რელიგიური ინსტიტუტების რეფორმის მომხრეა.
დორის ბაუერი, MARIA 2.0-ის თანადამფუძნებელი:
“მარია 2.0 -ის მოთხოვნები ძირითადად სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული, ვითხოვთ, რომ მოძალადეებს აეკრძალოთ ღვთისმსახურება. გარდა ამისა, გვინდა, ქალებსაც მიეცეთ ღვთისმსახურების ნება. უნდა შეიცვალოს სავალდებულო ცელიბატიც, რომ ყველას ჰქონდეს არჩევანის საშუალება. სექსის მორალიც უნდა შეიცვალოს, ის აღარ შეესატყვისება იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ. ახლანდელი მიდგომა ადამიანებს რიყავს და არაჰუმანურია.“
ეპისკოპოსთა კონფერენციამ და გერმანელ კათოლიკეთა კომიტეტმა 2019 წელს ფართო დისკუსია წამოიწყო, სახელწოდებით „სინოდის გზა“, რომელიც ეკლესიის რეფორმის გზებს იკვლევს. ისინი დასკვნას 2022 წლისთვის დადებენ.
მარიანი ამ დისკუსიაში აქტიურად არის ჩართული. ის თვეში ერთხელ ქადაგებას ატარებს მოხუცთა თავშესაფარში. ამის გაკეთება ქალებს მხოლოდ მღვდლისგან კურთხევის მიღების შემდეგ შეუძლიათ. პენსიონერები თვლიან, რომ ეს წესი უსამართლოა და აბსურდული.
მათიას ჰოფმანი, პენსიონერი:
„კაციც და ქალიც ადამიანია. ასე შეგვქმნა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად. ჩემი აზრით, არ არის სწორი, რომ ადამიანთა ერთ ნაწილს სიტყვის თქმას უკრძალავენ…“
გასულ მაისში მარიანმა მონაწილეობა მიიღო „ქალთა ქადაგების დღეს“ ჩატარებულ მესაში, ამ დღეს მთელ გერმანიაში ოცამდე ეკელსიაში მესა ქალებმა ჩაატარეს. ქალები გერმანულ ეკლესიაში თანაბარ უფლებებს ითხოვდნენ.
მარიან არნდტი, მქადაგებელი და თემის მსახური:
„შუა საუკუნეებში კათოლიკური ეკლესია გოგონებს წერა-კითხვის და განათლების მიღების ნებას აძლევდა. დღეს ეკლესიამ ქალებს ნება უნდა დართოს, რომ ამ ინსტიტუტის შიგნით თანაბარი უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა ჰქონდეთ და ასე შეცვალონ სამყარო.“
ავტორი: ვალერი გორია