მთავარი საქართველო საქართველოში ეპიდემიოლოგები პანდემიის მძიმე, მეოთხე ტალღას ელოდებიან

საქართველოში ეპიდემიოლოგები პანდემიის მძიმე, მეოთხე ტალღას ელოდებიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კორონავირუსის საწინააღმდეგო "პფაიზერის" ვაქცინა საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა

საქართველოში ეპიდვითარება რთულდება, ქვეყანაში ეპიდემიოლოგები პანდემიის მძიმე, მეოთხე ტალღას ელოდებიან. ბოლო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა კოვიდ-19-ის გავრცელების ტენდენცია. ამასთან ერთად, ბავშვებში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, რის გამოც აუცილებელი გახდა ქვეყანაში პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება.

„პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე არის მძიმე, თუმცა სტაბილური. რაიმე დამატებითი გართულებები არ გამოვლენილა, რაც დამაიმედებელია. ზოგადად, მომართვიანობა გაზრდილია, ეს ნაწილობრივ იმ ემოციური ფონიდან გამომდინარეა გამოწვეულია, რაც საქართველოში „დელტა შტამის“ გავრცელებამ გამოიწვია. თუმცა, ამას გარდა, მომატებულია კლინიკური ნიშნები: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი –  ეს წინა პერიოდის დროს ნაკლებად იყო ბავშვებთან გამოვლენილი“, – ამბობს დავით რეხვიაშვილი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი

“დელტა” შტამის საქართველოში ცირკულაცია 20%-ს აღემატება. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების თქმით, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის “დელტა” შტამი სხვა შტამებს დაჩრდილავს და ახლა ყველაზე მეტად გავრცელებულ ბრიტანულ შტამს ჩაანაცვლებს. მიუხედავად საქართველოში  “დელტა”  შტამის გავრცელებისა, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ განიხილავს.

„ჩვენ პრაქტიკულად დავრჩით ქმედითი შეზღუდვების გარეშე. მოიხსნა, მაგალითად, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ბოლო პერიოდში კი ძალიან მაღალი აქტივობაა თავყრილობებზე. 1500-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ყველას გვესმის, რომ არის კრიტიკული ზღვარი იმისათვის, რომ ჩვენ სრულიად თავისუფლად გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში ვაქცინაციის ტემპი არცთუ ისე მაღალია. ქვეყანაში ამ დროისთვის სრულად ანუ ორივე დოზით აცრილია 120 ათასზე მეტი პირი, მათგან დაახლოებით 11 ათასი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელია, მათი რაოდენობა მთლიანობაში 70 ათასს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, იზრდება რისკი, რომ სამედიცინო პერსონალმა კლინიკაში ჯანმრთელობის პრობლემით მისული  პაციენტი დააინფიციროს.

„სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გამოვიდნენ ძალიან სერიოზული ინიციატივით, მინდა, მათ მხარი დავუჭირო. საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულია, რომ შემოდგომას უნივერსიტეტები და სკოლები შეხვდნენ ე.წ. უსაფრთხო უნივერსიტეტებისა და უსაფრთხო სკოლების პრინციპით. რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტებში ყველა პროფესორი და ასევე სტუდენტი იყოს სრულად, ანუ ორივე დოზით აცრილი. ასევე ყველა სკოლის თითოეული პედაგოგი იყოს ორივე დოზით აცრილი“,  – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

საქართველოში ამ დროისთვის „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები არის ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყანაში „პფაიზერის“ ვაქცინა შემოვა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

ეპიდემიოლოგებიეპიდემიოლოგები

Send this to a friend