მთავარი საქართველო რამდენი დეპუტატის თანხმობაა საჭირო მთავრობის უფლებამოსილების შესაჩერებლად

რამდენი დეპუტატის თანხმობაა საჭირო მთავრობის უფლებამოსილების შესაჩერებლად

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ კონსულტაციები უკვე დაიწყეს. მათ გადაწყვეტილება ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა.

პროცედურის დაწყებისთვის პარლამენტის 51 წევრის ხელმოწერაა საკმარისი, ხოლო მთავრობის უფლებამოსილების შესაჩერებლად – 76 დეპუტატის.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ და პარტია „ლელომ“ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები უკვე დაიწყეს. როგორც ცნობილია, პროცედურის დაწყებისთვის პარლამენტის 51 წევრის ხელმოწერაა საკმარისი. მთავრობის უფლებამოსილების შესაჩერებლად კი პლენარულ სხდომაზე 76 ხმაა საჭირო.

„ჩვენ გარკვეული რაოდენობა გვაქვს ახლა ხელმოწერების, რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა ითხოვა დრო, ვნახოთ, შეიძლება, არც შეგროვდეს 50, პირდაპირ ვამბობ, ცუდი იქნება, თუ არ შეგროვდება, მაგრამ მოხდება ლუსტრაცია, ვის უნდა ნამდვილად ცვლილებები და ვინ არის კმაყოფილი იმით, რაც ხდება ქვეყანაში. ჩვენ ამის სრული უფლება გვქონდა, პოლიტიკურად დაგვეყენებინა ეს საკითხი, რადგან ადამიანი ფუნდამენტური უფლება სიცოცხლისა და უსაფრთხოების, არ არის ქვეყანაში დაცული“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წვერმა, პაატა მანჯგალაძემ.

ამ ფაქტს ხელისუფლებაშიც ეხმაურებიან და მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ეს ინიციატივა რეალობას მოკლებულია და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება პოპულისტური ნაბიჯია.

„უნდობლობის პროცედურაზე საუბრის დაწყება საერთოდ წარმოადგენს მცდელობას, რომ საზოგადოების მხრიდან არსებული უნდობლობა რამენაირად შეინიღბოს და ამისთვის არის მოგონილი ის პოპულისტური თემა, რასაც ჰქვია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. საამისოდ მიზეზი, ვფიქრობ, რომ არ არსებობს. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებულ და რეალურ გეგმასთან გვქონდეს საუბარი, ვფიქრობ, რომ ეს არის დამატებით ასე ვთქვათ ასპარეზის გახსნა საკუთარი პოპულისტური გეგმებისთვის, რასაც აკეთებს ოპოზიცია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს რას ნიშნავს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება.

„ნებისმიერი მთავრობა სარგებლობს ნდობით. ეს რას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად მას ენდობა პარლამენტის უმრავლესობა. ჩვენს შემთხვევაში 76 დეპუტატი. ანუ, არსებობს 76 ადამიანი, რომელსაც ერთ პოლიტიკური ადამიანის პოლიტიკური ხედვა აქვს, ქვეყნის განვითარების შესახებ და ის უცხადებს ნდობას კონკრეტულ კაბინეტს, რომ ეს ხედვა განავითაროს პარლამენტის ვადის განმავლობაში. უნდობლობის პროცედურა არის საპარლამენტო მექანიზმი, გადააყენოს მთავრობა თუ მისი ნდობა დაკარგა. ანუ თუ კაბინეტმა 76 დეპუტატის ნდობა დაკარგა, მაშინ კონსტიტუცია ითვალისწინებს პროცედურას, რომ მათ გადააყენონ ძველი და დანიშნონ ახალი პრემიერ-მინისტრი, თავისი კაბინეტით“, – აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ.

ჯერჯერობით უცნობია, მიაღწევს თუ არა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი მიზანს, თუმცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი ქუჩაში გამოსვლას მაინც არ გეგმავს. რადგან ამბობენ, რომ მთელი მათი ყურადღება ახლა თვითმმართველობის არჩევნებისკენაა მიმართული.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

დეპუტატიდეპუტატი

Send this to a friend