მთავარისაქართველოსაქართველოში სამი დღეა ახალი შემთხვევების რაოდენობა 1000-ს სცდება

საქართველოში სამი დღეა ახალი შემთხვევების რაოდენობა 1000-ს სცდება

ერთ კვირაში ქვეყანაში კორონავირუსით 98 ინფიცირებული გარდაიცვალა

72 ლეპტოპი, ვაქცინის სატარებელი 200 ყუთი, 300 სამედიცინო ყინულის მაცივარი, ამავე რაოდენობის თერმომეტრი და ვაქცინაციის სპეციალიზებული ავტომობილი – ეს იმ დახმარების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მასობრივი ვაქცინაციის სრულყოფილად ჩატარებისთვის გადასცეს.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ მასობრივი ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ პანდემია დავამარცხოთ. ეს ერთჯერადი დახმარება არაა. ეს დახმარება ფართომასშტაბიანი პროგრამის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი საქართველოს ერთ-ნახევარი მილიარდი ლარით დაეხმარება“, – განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილემ.

„ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სპეციალური აღჭურვილობით. ამასთანავე, აქტიურად ვართ ჩართული სამედიცინო პერსონალის გადამზადებაში. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ვაქცინაციის აქტიურ  პროცესს. ჩვენ საქართველოს ვაქცინაციის ონლაინპლატფორმის დახვეწაშიც ვეხმარებით“, – ამბობს სილვიუ დომენტე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

ონლაინრეგისტრაციის გარდა, ასევე შესაძლებელია ამცრელ კაბინეტებთან ცოცხალი რიგის საშუალებით აცრაც.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის პირობებში დღეში 20-25 ათასი პირი უნდა აიცრას.

თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში აცრილთა დღიური რაოდენობა მხოლოდ 6 ათასამდეა.

„დღეს „სინოფარმის“  ვაქცინაზე მომართვიანობა არ არის ისეთი მაღალი, როგორიც პირველი დოზების ჩამოსვლის დროს იყო. შესაძლოა, ეს უკავშირდება იმას, რომ მოსახლეობის ნაწილი „ფაიზერის“ ვაქცინას ანიჭებს უპირატესობას და სწორედ მის შემოსვლას ელოდება. ჩვენი მიზანი წლის ბოლომდე 1 700 000 ათასი მოქალაქის აცრაა, „ფაიზერის“ გარანტირებული დოზები, რომლებიც ჩვენ უკვე მობილიზებული გვაქვს, 500 000 ადამიანისთვისაა. შესაბამისად, ის ლიმიტირებული იქნება,  ჩვენ კი ძვირფას დროს ვკარგავთ მოლოდინის პროცესში“, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

საქართველოში იმატებს “დელტა” შტამის შემთხვევები.

სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში “დელტა” ანუ ინდური შტამი ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს, რომელიც ახლა ყველაზე მეტადაა საქართველოში გავრცელებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში გაიზარდა ბავშვებში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები, რაც სწორედ “დელტა” შტამს ახასიათებს.

8 ივლისის შუადღის 3 საათის მონაცემებით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

„”დელტა” შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს ალფა შტამს, ვფიქრობთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ან ბოლოსთვის მთლიანად ჩაანაცვლებს მას. საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია და მისგან დაცული არც ჩვენ ვართ“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

„ბავშვების ავადობის წილმა ცოტა მოიმატა, ეს სწორედ “დელტა” შტამის დამახასიათებელია. საბედნიეროდ, ბავშვებში მძიმე შემთხვევები ჯერჯერობით არ არის დაფიქსირებული“, – ამბობს პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

საქართველოში კორონავირუსის “დელტა” შტამის პირველი შემთხვევა 27 მაისს დადასტურდა.

8 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში “დელტა” შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 52 შემთხვევაა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, “დელტა” შტამით ინფიცირებლთა რიცხვი გაცილებთ მეტია და ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15-დან 20%-მდე სწორედ “დელტზე” მოდის.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend