მთავარიგადაცემებიFocusდუბაის ჯანსაღი ცხოვრების წესი

დუბაის ჯანსაღი ცხოვრების წესი

დუბაის სპორტდარბაზებში სიცოცხლე დუღს. ამ ქალაქში 400-ზე მეტი კომერციული სპორტდარბაზია, რაც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა სპორტული ცხოვრება დარბაზის კედლების მიღმაც ჩქეფს.

საიდ ჰარები, დუბაის სპორტის საბჭოს გენერალური მდივანი:

„გარეთ სპროტის ნებისმიერ სახეობას ნახავთ, იქნება ეს საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო თუ სამთო-სპორტული სახეობები.“

პანდემიის გამო  დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სპორტარბაზებში ჯგუფური ვარჯიშის მიმართ ინტერესი გაიზარდა. პოპულარული გახდა ე.წ.  ბლიცია, რომელიც სხეულის სრული და მაღალი დატვირთვით ვარჯიშს ნიშნავს და ე.წ. HIIT ვარჯიში, რადგან იგი მოკლე დროში გაჯანსაღების საშუალებას იძლევა.

ალდრინ დელა ვეგა, სპორტდარბაზ GymNation-ის ჯგუფური ვარჯიშის დირექტორი:

„სამი საფეხური გვაქვს.  შეგიძლია შეასრულო კარდიო ვარჯიში და სარბენ ზოლზე ირბინო, თუ მეტი გინდა, შეგიძლია სხვადასხვა გირით ივარჯიშო და კიდევ არის ფუნქციური სივრცე. ასე რომ აქ ნებისმიერი მიმართულებით შეგიძლია დაიხვეწო ფიტნესში.“

პანდემიის დროს სპორტული დარბაზებიც და ღია მოედნებიც მთელ მსოფლიოში  სახლში ონლაინვარჯიშებმა შეცვალა.

სალიჰა აფრიდი,  გამაჯანსაღებელი კომპლექსის The LightHouse Arabia-ის კლინიკური ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ „ძალიან ბევრმა დაიწყო ვარჯიში იმისთვის, რომ კონტროლის განცდა გასჩენოდათ. ეს ზრდის თავდაჯერებას, თვითშეფასებას და თან ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს.  ამიტომ როდესაც საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს კარგავ, უფრო მეტად გინდა ამის განცდა.“

ამ ხნის განმავლობაში ფიტნესისა და გამაჯანსაღებელი ინდუსტრიის წარმომადგენლებს კლიენტების მოთხოვნებთან ადაპტაცია მოუწიათ.

ლორენ ჰოლანდი, სპორტდარბაზ GymNation-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი:

„ნამდვილი  ატრაქციონივით თავბრუდამხვევი იყო ეს ერთი წელი, თითქმის 75 დღე ვიყავით ჩაკეტილი. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში  ვირტუალურ პლატფორმაზე „ლეს მილს ონ დიმანდ“  უფასო მომსახურება შევთავაზეთ როგორც პლატფორმის წევრებს, ისე ყველას, ვისაც სურდა კარანტინის დროს  ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი შეენარჩუნებინა. კარანტინის შემდეგ კი შევნიშნეთ, რომ ფიტნესის მიმართ მოთხოვნა ძალიან გაიზარდა.“

2020 წელს გლობალურ დონეზე სპორტული ინვენტარის ბაზარი 8 მილიარდ 900 მილიონ ევრომდე გაიზრდა,  ბოლო 12 თვეში კი უპრეცედენტო ზრდა დაფისქირდა.

ლოფტი ჰამრუნი, Johnson Health Tech Middle East -ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი:

„ჩვენ ვთავაზობთ როგორც კომერციულ, ისე სახლში მომსახურებას. სახლის პირობებში ვარჯიშის მოთხოვნა ჩვენი ბიზნესის 10 პროცენტი იყო, მაგრამ პანდემიის დროს 95 პროცენტამდე გაიზარდა, სახლის ფიტნესი უკვე ახალი ტრენდია. პანდემიის დროს მისი პიკი იყო, თუმცა ახლაც გრძელდება. ახლა ჰიბრიდული მოთხოვნა გაჩნდა, ზოგს ორივე უნდა.“

სანამ სპორტდარბაზები დახურული იყო საზოგადოების უსაფრთხოების გამო, ბევრი, ვინც დარბაზში რეგულარულად დადიოდა, ამბობდა, რომ თავს დაკარგულად გრძნობდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გაიხსნებოდა დარბაზი.

„ სახლში ვარჯიში სასიამოვნო პირველი ოთხი კვირის განმავლობაში იყო, მაგრამ მისი ხიბლი მალე გაქრა,“ – ამბობს ერთ-ერთი დარბაზის ხშირი სტუმარი ახალგაზრდა კაცი.

ზოგი თვლის, რომ განტვირთვის მიზნით თერაპიის კრსებზე სიარულს ვარჯიში ჯობია.

ლორენ ჰოლანდი, სპორტდარბაზ  GymNation-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი:

„ჩემი აზრით, ადრე ყველას ეგონა, რომ ჯანმრთელობა და მხნეობა გარანტირებულია და მხოლოდ ახლა გააცნობიერეს, რომ დროა ფიტნესსაც დაუთმონ დრო. ამიტომ შეზღუდვების მოხსნისთანავე პირველი სამი-ოთხი თვის განმავლობაში  საუკეთესო გაყიდვები გვქონდა, რაც კი ოდესმე გვქონია. ჩვენ ბიზნესის გაფართოების დიდი პროგრამა დავიწყეთ. სამ თვეში ოთხი ახალი დარბაზი გავხსენით, ზოგი – შეზღუდვების დაწესებამდეც.“

2017 წელს დაწესებული „დუბაის ფიტნესის შეჯიბრი“ ყოველწლიურ ტრადიციად გადაიქცა, რომლის დროსაც მთელი ქალაქის მოსახლეობას მოუწოდებენ, 30 დღის განმავლობაში ვარჯიშს ყოველდღე 30 წუთი დაუთმონ.

საიდ ჰარები, დუბაის სპორტის საბჭოს გენერალური მდივანი:

„ჩემი აზრით, თუ საზოგადოებაში სპორტს არ წაახალისებ, მედიკამენტების მოხმარების ზრდას შევუწყობთ ხელს. ამის შესამცირებლად, განსაკუთრებით ახლა კოვიდის დროს, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ვარჯიში, რომ ვიყოთ ჯანმრთელი.“

როდესაც მთელი საზოგადოება ცდილობს გაჯანსაღებას, ამას უამრავი სარგებელი მოაქვს. სალიჰა აფრიდი, გამაჯანსაღებელი კომპლექსის The LightHouse Arabia-ის კლინიკური ფსიქოლოგი განმარტავს, რომ მჯდომარე ცხოვრების წესისა და ზეგანაკვეთური მუშაობის პირობებში ვარჯიში აუცილებელია.

„„ვიცით, რომ მჯდომარე ცხოვრების წესი ზეგანაკვეთური მუშაობის ნაწილია. ეს კი  უარყოფითად აისახება მთლიან შიდა პროდუქტზე, ადამიანის შრომის ნაყოფიერებაზე, ჯანმრთელობასა და სამედიცინო ხარჯებზე, რაც სამედიცინო სისტემას ტვირთად აწვება. ამიტომ როდესაც ფიტნესს საერთო მიზნად სახავ და ერთად  ვარჯიშობ, ამას ძალიან ბევრი მიმართულებით მოაქვს სარგებელი.  ვარჯიშით დაკავებული ქალაქი უფრო ბედნიერ, პროდუქტიულ და ჯანმრთელ ქალაქს ნიშნავს.“

დუბაის მოსახლეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ერთად აპირებს.

ავტორი: ნატალი ლინდო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend